სოფლის ამბები
სოფელი ჩანდურა - ცხოვრება ზღვის დონიდან 1 720 მეტრზე
უმუშევრობა, სასმელი წყლის, საბავშვო ბაღისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უქონლობა ახალქალაქის სოფელ ჩანდურაში წლებია აწუხებთ. ადგილობრივები გაძვირებული ცხოვრების გამო ჩივიან და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ლაურა აბრილიანი ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა. საბავშვო ბაღისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო, ახალქალაქამდე ძირითადად, ტაქსით მოძრაობს.

„ჩანდურაში ბაღი არაა, ამიტომ ახალქალაქში დამყავს ბავშვი, ყოველ დღე. ტაქსით მიმყავს და მომყავს. დღეში საშუალოდ ათი ლარი მჭირდება მგზავრობაში. გვიჭირს წინ და უკან სიარული, მაგრამ სხვა რა გზაა, ბავშვს განათლება და განვითარება ხომ სჭირდება“,- გვიყვება ლაურა აბრილიანი.

სოფელში კიდევ ერთი პრობლემა სასმელი წყლის გრაფიკია. 63 წლის მარტინ მელქონიანი ამბობს, რომ სამი სოფელი ერთი სისტემიდან მარაგდება, რის გამოც სასმელ წყალს ოთხ დღეში ერთხელ იღებენ.

„წყალი ერთი დღე გვაქვს, მერე სამი დღე აღარ მოდის. რაც მახსოვს ეს პრობლემა ჩანდურას სულ აწუხებდა, მაგრამ მისი მოგვარება ვერავინ შეძლო“.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ჩამძვრალაში (ჩანდურა) შიდა გზები მოწესრიგდა, სკოლა გარემონტდა და ახალი სამედიცინო პუნქტიც გაიხსნა, მოსახლეობას პრობლემები მაინც უხვად აქვს. ადგილობრივები ახალი ობიექტებით სარგებლობენ, თუმცა ფიქრობენ, რომ სოფლის მთავარი პრობლემა - მიწის დამუშავება მაინც მოსაგვარებელია.

„სამუშაო არ გვაქვს. მიწის დამუშავება ძვირი ჯდება, რის გამოც საჭირო რაოდენობის მოსავალი ვერ მოგვყავს. მარტო სასუქში 100 ლარის გადახდა გვიწევს“, - ამბობენ ადგილობრივები.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია სოფელში სასმელი წყლის პრობლემას უარყოფს.

„ვინ თქვა, რომ სასმელი წყალი ჩანდურაში არის? თუ ერთ-ორ ოჯახში არ მოდის, ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სოფელს სასმელი წყალი არ აქვს. ორჯერ ვიყავით სოფელში და მსგავსი პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ მიმიღია“,- გვითხრა ახალქალაქის მერმა. იური უნანიანი პრობლემათა მხოლოდ ნაწილს ეთანხმება. ამბობს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჩანდურაში, ბავშვებისთვის გასართობი სკვერი მოეწყო. რაც შეეხება საბავშვო ბაღს, მუნიციპალიტეტის პირველი პირი „მეცხრე არხთან“ აცხადებს, რომ ჩანდურას მსგავსად, ახალქალაქის სოფლების დიდ ნაწილს, საბავშვო ბაღები არ აქვს.

ჩანდურა, იგივე ჩამძვრალა ახალქალაქიდან 5 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მოსახლეობა ცენტრალური გზის მარცხენა მხარესაა დასახლებული. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელში 466 კომლი ცხოვრობდა, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, დღეს ჩამძვრალას 100 ადამიანი შემორჩა. მთლიან მოსახლეობას ეთნიკურად სომეხი თემი წარმოადგენს.
| Print |
თეგები: ჩანდურა /