სოფლის ამბები
„დაჩაგრული სოფელი ვართ“,- მოსახლეობა დიდი პამაჯიდან
გადაბმული სოფლების კვალობაზე, დიდი პამაჯი პატარა პამაჯისაგან ინფრასტრუქტურული კუთხით განსხვავდება. სოფელი ახალციხიდან 11 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ადგილობრივები უყურადღებობის გამო ჩივიან.

დიდი პამაჯის მოსახლეობის თავშეყრის ადგილი სოფლის ცენტრში მაღაზიის წინ გამოდგმული მაგიდა და სკამებია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ უამრავი პრობლემის სათავეში უმუშევრობა დგას.

ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც პოლონეთიდან ახლახანს ჩამოვიდა, სოფლის „ბირჟაზე“ ჭადრაკის თამაშის დრო შევხვდით. სოფელი უმუშევრობის გამო დატოვა და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. არსენ მარქარიანმა თანასოფლელებისგან განსხვავებით რუსეთს პოლონეთი არჩია.

სოფელში ელემენტალური პირობები არ გვაქვს. სასმელ წყალს სათლებით ვეზიდებით. ყველა სოფელში ასფალტი დააგეს, მხოლოდ ჩვენ ვიყავით დარჩენილები და ახლა დაიწყეს ამის გაკეთებაც. ისევ მივდივარ, აქ რომ დავრჩე რა გავაკეთო? “,- ამბობს არსენ მარქარიანი.

70 წლის ამბარცუმ ამბარცუმიანი, შემოდგომის თბილ დღეს, საკუთარ ბაღში ყვითლად შეფერილ დიდი ზომის ვაშლებს სათითაოდ კრეფდა და კალათაში აწყობდა. ამბობს, რომ ყველაზე მეტად სარწყავი წლის პრობლემა აწუხებს, რადგან უწყლოობის გამო მოსავალიც ცოტა მოდის.

„მოსავალი მხოლოდ სახლში საჭმელად მომყავს. ვაშლსაც იმდენს არ ისხამს, რომ გავყიდო.ძალიან ძნელია სოფელში ცხოვრება. პირველ რიგში სარწყავი წყლის პრობლემა უნდა მოგვარდეს, დანარჩენს ეშველება“.

ამბარცუმ ამბარცუმიანისგან განსხვავებით მარტოხელა პენსიონერი თავს მესაქონლეობით ირჩენს. 80 წლის ტუნარა პეტროსიანი მარტო ცხოვრობს. მისი შვილები და შვილიშვილები საცხოვრებლად რუსეთში დიდი ხნის წინ წავიდნენ.

„სამუშაო აქ არ იყო. უასქმურად ხომ არ იქნებოდნენ, ამიტომ რუსეთში წავიდნენ. მიდიან ახალგაზრდები და სოფელიც იცლება. ხალხი ყოველდღიურად ტოვებს სახლებს. 180 სახლიდან 70 უკვე დაიკეტა“,- გვიყვება ტუნარა.
დიდი პამაჯის მოსახლეობა თავს დაჩაგრულად მიიჩნევს, რადგან სოფლიდან საზღარგარეთ წასული ადგილობრივები ,,სოფელს სათანადოდ ვერ პატრონობენ. პატარა პამაჯში კი ბევრი მდიდარი ცხოვრობს. სოფლიდან გარბის ხალხი. ამ ყველაფერს კი არანორმალური საცხოვრებელი პირობები და უმუშევრობა განაპირობებს“,- გვიყვებიან ადგილობრივები.

დიდი პამაჯის მოსახლეობა თავს დავიწყებულად ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიჩნევს. ფიქრობენ, რომ თუ მეზობელი სოფლის მსგავსად დიდ პამაჯს რუსეტში გამდიდრებული ადგილობრივები არ გამოუჩნდებიან, არაფერი გამოვა. სოფლის რწმუნებული „მეცხრე არხთან“ სოფელში სარწყავი წყლის პრობლემას უარყოფს.

„სოფელში სარწყავი წყლის პრობლემა არ დგას. ჩემს საკრებულოში ცენტრალური გზა მოწესრიგებულია. შიდა გზებს ახლა აკეთებენ. შიდა გზები რომელ სოფელშია გაკეთებული რომ დიდ პამაჯში გაკეთებულიყო? სხვა მე რა უნდა გავაკეთო, რომ სოფლიდან არ წავიდნენ. მშიერი ხომ არ დარჩება ხალხი. მიდიან, რომ საჭმელის ფული იშოვონ“,- ამბობს დიდი პამაჯის რწმუნებული.
კარლენ კარახანიანის თქმით, სოფელ დიდი პამაჯის პრობლემების გადაჭრა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
| Print |