სოფლის ამბები
სოფლიდან წასული ბიზნესმენების მიერ აშენებული პატარა პამაჯი
პატარა პამაჯი სომეხი ბიზნესმენის სახელს უკავშირდება, რომელიც რუსეთში მზესუმზირის ყიდვა-გაყიდვისთან ერთად, საკუთარი ქარხნებით არის ცნობილი. ახლად დაგებული ასფალტი, ევროპული სტანდარტებით აშენებული სკოლა, ქვის აუზი, ახალგაზრდებისთვის გაკეთებული ფეხბურთის მოედანი, ეს ყველაფერი იმ სომეხ ბიზნესმენს უკავშირდება, რომელიც პატარა პამაჯში დაიბადა და გაიზარდა. ახლა საკუთარი ნებით სოფელს ისე უვლის, როგორც საკუთარ ოჯახს. მიუხედავად მისი კეთილი ნებისა, სოფელში კვლავ რჩება რამდენიმე გამოწვევა.

სვეტლანა ოგანესიანი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლარიდან, ოჯახთან ერთად, 1995 წელს ჩამოვიდა. 72 წლის ქალი ამბობს, რომ ჩამოსულს ბევრი რამ სხვანაირად დახვდა. ძმის დასახმარებლად ჩამოსულს, საცხოვრებელი პირობები შედარებით მკაცრი მოეჩვენა.

„ახლა ძირითადად სოფლის მეურნეობით ვართ დაკავებული. მომყავს კარტოფილი, თუმცა სიმცირის გამო ვერ ვყიდით. ერთი იმდენი, რომ ოჯახისთვის საჭმელად გვეყოს. სარწყავი წყალი არ გვაქვს, რომ ბევრი მოსავალი მივიღოთ“,
- გვიყვება სვეტლანა.

„ვწვალობთ, მოსავალი მოგვყავს, მაგრამ ფასი არ აქვს. კარტოფილის თესლს 3-4 ლარად ვყიდულობთ და 60 თეთრად ვყიდით. კარგი იქნება იმ ხალხს, ვისაც ბევრი მიწა გვაქვს, თესლს იპოთეკით თუ მოგვცემენ, ეს დიდი შეღავათი იქნება ჩვენთვის“,- ამბობს ვართან ბაბოიანი.

ადგილობრივები მიწების მოსარწყავად, ელექტროენერგიის ფულს, საათში 5 ლარს იხდიან. ამბობენ, რომ ადრე მათი მიწები საათში სამ ლარად ირწყვებოდა, თუმცა ბოლო წელია გადასახადი გაიზარდა. კითხვაზე, რატომ აქვს პატარა პამაჯს სასმელი წყლის პრობლემა, მოსახლეობა გვპასუხობს, რომ ვალე და მათი სოფელი ერთ ხაზზე ზის. წყალს ორი კვირის განმავლობაში ვალეში, ხოლო ერთი კვირა კი პამაჯში იღებენ.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ, გაზრდილი მიგრაციაა. სოფლის ახალგაზრდობის მსგავსად, ვართან ბაბოიანიც ძირითადად რუსეთში მიდის სამუშაოდ.

„ზაფხულში მივდივარ და ზამთარში უკან ვბრუნდები. იქ ჩემი ხელობით ვმუშაობ და კარგ ფულსაც ვშოულობ. იმისთვის რომ ჩემმა შვილმა სოფელი არ დატოვოს ტრაქტორი და მანქანა ვუყიდე. არ მინდა უსაქმურად იყოს. გარდა ამისა, 11 ხბო გვყავს უკვე და მასაც უვლის“.

ნევარტ ბალასანიანმა ზამთრისთვის მზადება უკვე დაიწყო. „მეცხრე არხის“ გადამღები ჯგუფი მაშინ შეხვდა, როცა სახლის ეზოში შეშას ელექტროხერხით ჭრიდა. 73 წლის მამაკაცი ამბობს, რომ შეშის გამოტანაზე პრობლემები აქვს. მოსახლეობა ბილეთებს ზაფხულის ნაცვლად შემოდგომით იღებს, ამიტომ ტყიდან ნედლი შეშის ჩამოტანა უწევთ.

„ძვირად ვყიდულობ შეშას, ერთი მანქანა 800 ლარამდე ღირს. ფულს, რომელსაც მოსავალის აღებისას ვიღებთ, მთლიანად შეშაში ვხარჯავთ. სხვა გზა არ გვაქვს, ზამთარში ხომ არ გავიყინებით“
,- გვიყვება ნევარტი.
სოფლის მხარდამჭერი პროგრამით წელს როგორც ადგილობრივები უწოდებენ ,,პატარა ბესეტკა“ მოეწყო, რომელის გაკეთებაშიც 16 000 ლარი დაიხარჯა.

სოფლის რწმუნებული კარლენ კარახანიანი ამბობს, რომ სოფლიდან ხალხის გასვლას და შეშის მოსატანად ბილეთის გამოყოფის დროის პრობლემის მოგვარება მის კომეტენციას სცდება, რაც შეეხება სასმელ წყალს, განმარტავს, რომ მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება.

„გრაფიკი მაქვს შედგენილი. ორი დღე პატარა ორი დღე დიდ პამაჯში და ოთხი დღე ვალეში მიდის წყალი. ასე, რომ მოსახლეობა გრაფიკის მიხედვით რწყავს მიწებს. ენერგიის გადასახადის გაძვირებაზე ინფორმაცია არ მაქვს, ეგ მე არ მეხება“
, - ამბობს პატარა პამაჯის რწმუნებული.

კარლენ კარახანიანის თქმით, სოფლიდან ახალგაზრდები სამუშაოდ რუსეთში ადგილობრივ ბიზნესმენ მარტინ პაპოიანთან მიდიან, რომელსაც მზესუმზირის ქარხნები აქვს და საკუთარ ორგანიზაციაში ძირითადად პამაჯელებს ასაქმებს.



| Print |