სოფლის ამბები
,,პური რომ არ გვაქვს, კარტოფილს ვხარშავთ და ვჭამთ“ - ბავრის მოსახლეობა (ვიდეო)
ახალქალაქის სოფელი ბავრა, რომელიც ქალაქიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ყოველწლიურად იცლება. 873 ადამიანიდან სოფელში თითქმის ნახევარი დარჩა.

ჟორა ბერიკიანი ერთ-ერთია, ვინც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი სოფლის მძიმე სოციალური პირობების გამო თქვა და სამუშაოდ რუსეთში წასულმა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. თანასოფლელების მსგავსად, შემოდგომით სოფელს უბრუნდება და გაზაფხულამდე ბავრაში რჩება.

,,რუსეთის პენსიას ვიღებ, რადგან იქაური მოქალაქე ვარ. პუტინი მეხმარება და არა აქაური მთავრობა. აქ სამუშაო არ არის, სხვა რა გზა მაქვს, სად ვიმუშაო?“, -კითხულობს ჟორა ბერიკიანი.

ადგილობრივებს რუსეთში მუშაობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ამბობენ, რომ რეგიონში ოჯახების უმრავლესობა თავს სწორედ ამ ქვეყნით ირჩენს.

,,რუსეთში სამუშაოდ ახალგაზრდები ყოველ წელს გადიან, ჩვენ აქ მარტო სახლებს ვიცავთ. რუსეთის გარეშე ვერაფერს ვიზამთ. მოთხოვნა ბევრი გვაქვს, მაგრამ შედეგი არაფერია“, - ამბობს ალექსანდრე ირიციანი.

სოფლის მიგრაციის მიზეზად ადგილობრივები საცხოვრებელი პირობების გაუარესებას ასახელებენ. ბავრის მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი კარტოფილი და მისი გაყიდვით მიღებული თანხაა. ამბობენ, რომ მოხარშული კარტოფილი მათთვის მეორე პურია.

,,ჩვენი ძირითადი შემოსავალი კარტოფილია. ცოტა ფულიც რომ გვქონდეს, ცხოვრება შედარებით გაგვიმარტივდებოდა. მოასფალტებული გზაც კი არ გვაქვს, ცენტრალური გზა გააკეთეს, მაგრამ ისე უხარისხოდ, რომ თავიდან გახდა გასაკეთებელი. აქ ცხოვრება ძალიან რთულია. 100 სახლი უკვე დაიკეტა. სიღარიბისა და უმუშევრობის გამო სოფლიდან ხალხი გარბის, პრობლემების მოგვარებას მხოლოდ არჩევნებამდე გვპირდებიან, როგორც კი სკამებზე დასხდებიან, ყველაფერი ავიწყდებათ“, - წუხს ადგილობრივი სარქის ალბანიანი.

სოფელში არ აქვთ საბავშვო ბაღი, კიდევ ერთი პრობლემა, სკოლის პატარა შენობაა, რის გამოც მოსწავლეებს ორ ცვლაში უწევთ სიარული.

,,სკოლა ძალიან პატარაა, ბავშვები საღამოს მოდიან სახლებში. არც საბავშვო ბაღი და სარწყავი წყალი გვაქვს. სახელმწიფო თუ არ დაგვეხმარა, ამ პრობლემებს ჩვენ ვერ მოვაგვრებთ. ხელისუფლებაში იციან ამის შესახებ, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ როდის არ ვიცით, მხოლოდ გვპირდებიან“, - გვიყვება ალექსანდრე ირიციანი.

ჟორა შირიანიანმა კარტოფილი წელს 15 მეასედზე დათესა, თუმცა ვერ მორწყო. უმუშევრობის თავის გატანა პენსიის დახმარებით უწევს, მაგრამ არ ჰყოფნის.

,,ყველაფერი გაძვირდა. ფქვილი სამოცი ლარი გახდა, აღებული პენსია აღარაფერში მყოფნის. რატომ არ გვიმატებენ?! მიწას მხოლოდ ის რწყავს, ვინც ფერმერია და ფული აქვს. ამიტომ, კარგი მოსავალიც მხოლოდ მათ აქვთ. ადგილობრივებს ცოტას თუ დაგვეხმარებიან ხალხს ცხოვრება შეგვეძლება“ - ამბობს სოფელ ბავრის მკვიდრი ჟორა შირიანიანი.

სამუშაო ადგილების გამო წუხს გრიგორ მანუკიანიც. ამბობს, რომ ოჯახს მესაქონლეობით არჩენს.

,,არ ვმუშაობ, პენსიონერი ვარ. სად არის სამსახური რომ ვიმუშაო? ორი ძროხა გვყავს და თავს მაგით ვირჩენთ. ბალახიც არ არის რომ საქონელი კარგად აძოვო. არც კარტოფილს აქვს კარგი ფასი, რომ გაყიდო და თავი ირჩინო. იმდენი ხარჯია, საბოლოოდ არაფერი გრჩება“, - წუხს გრიგორ მანუკიანი.

მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ქვეყანას არ ულხინს, თუმცა სოფელ ბავრას განსაკუთრებით უჭირდეს, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ამბობს, რომ ახალქალაქში, არცერთი სოფლის შიდა გზა მოასფალტებული არ არის.

,,ყველა სოფლის შიდა გზა მოხრეშილი და გასწორებულია. მსგავსი ინფორმაცია რომ ხალხი მშიერია, არ მაქვს. 90-იანი წლები ხომ არ არის? შეიძლება ერთ ან ორ ოჯახს უჭირდეს, მაგრამ მთელ სოფელს რომ ასეთ მდგომარეობაში იყოს, ამის შესახებ არაფერი გამიგია“ – აცხადებს TV9NEWS.GE-სთან მერი იური უნანიანი.

რაც შეეხება სარწყავ წყალს, ახალქალაქის მერის იური უნანიანის თქმით პრობლემა თითქმის ყველა სოფელს აწუხებს.

,,სარწყავი წყლის პრობლემა თითქმის ყველა სოფელს აქვს. მთლიანად, არა, მაგრამ პატარ-პატარა პრობლემები ჩნდება ხოლმე“ – ამბობს ახალქალაქის მერი იური უნანიანი.

ადგილობრივი ხელისუფლება, 2020 წელს სოფელ ბავრაში სკოლის რეაბილიტაციასა და ორი საკლასო ოთახის მიშენებას გეგმავს. ახალქალაქის მერმა თანხის რაოდენობა ზუსტად არ იცის, რადგან სკოლის სარემონტო სამუშაოებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს.
| Print |