სოფლის ამბები
,,ხანულობა“ - სოფელში შენარჩუნებული უძველესი ტრადიცია
ზღვის დონიდან 1 960 მეტრზე გაშლილი აბული ახალქალაქის ყველაზე მაღალი სოფელია. აბულში 124 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, მე-19 საუკუნეში მათი წინაპრები აქ ერზრუმიდან გადმოსახლდნენ.
მთებს შორის მოქცეული ადგილი სიმშვიდისა და უხვი მოსავლის მისაღებად შეარჩიეს. აქ მოსახლეობა მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევს.
სოფელში ხშირია „ხანულად“ ყოფნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეზობლებს ერთმანეთთან ახალმოწველილი რძე სათლებით, დღეგამოშვებით გადააქვთ.
აბულის მთავარ პრობლემად უგზოობასა და ბუნებრივი აირის უქონლობას ასახელებენ. ახალქალაქიდან 12 კმ-ში მდებარე სოფელი მკაცრი კლიმატური პირობების გამო, გარესამყაროს ხშირად წყდება. გასათბობად კი წივას იყენებენ.
ჯავახეთის სხვა სოფლების მსგავსად, რუსეთში სამუშაოდ აბულიდანაც მიდიან. ნაწილი ბრუნდება, ნაწილის სახლებს კი ბოქლომი გაურკვეველი ვადით ადევს.
აბულში ორი ტაძარია. სომხური სამოციქულო ეკლესია ადგილობრივებმა გასულ საუკუნეში ააგეს. დაზიანებული სალოცავი შარშან კრასნოდარში მყოფმა თანამემამულემ საკუთარი სახსრებით გაარემონტა.
აბულის ცენტრში დგას დარბაზული ტიპის, კარგად შემონახული ეკლესია. სამხრეთის კედელზე შემორჩენილია ჯვარი და წარწერა: „ქრისტე შეიწყალე გალატოზნი“.
ადგილობრივთა მტკიცებით, ეს სალოცავი დაახლოებით, 10 საუკუნის წინ, ასურელების მიერ არის აგებული.
ტაძრის ეზოში წინაპართა სასაფლაოა, რომელსაც აბულის მაცხოვრებლები ასურელთა საფლავებს უწოდებენ.
პატარა აბულის მთიდან სოფელს დასცქერის მშრალად ნაგები აბულის ციკლოპური ციხე - ადრინდელი ანტიკური ან ადრინდელი ფეოდალური ხანის ნაციხარი, რომლის გალავნის გეგმა რვაწახნაგოვანია, კედლები აგებულია მსხვილი ფილებით და სისქით აღწევს 4 მეტრს, გარე კუთხეებთან აქვს კოშკები 7-8 მეტრი სიმაღლის.


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |