სოფლის ამბები
უმუშევრობის გამო, ახალგაზრდების დიდი ნაწილი სეზონურ სამუშაოებზე რუსეთშია წასული - ხანდოს მოსახლეობა
უმუშევრობა, მიგრაცია, სახელმწიფო ენის არცოდნა, შემოსავლის რუსეთში ძიება, სარწყავი წყლისა და საბავშვო ბაღის უქონლობა - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ახალქალაქის სოფელ ხანდოში ჩივიან. სოფელი ზღვის დონიდან 1 630 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ახალქალაქიდან 18 კილომეტრით არის დაშორებული.

რუბიკ ჰაკოფიანის ერთადერთი შემოსავლის წყარო მიწათმოქმედებაა. სხვა წლების მსგავსად, წელსაც ორ ჰექტარზე ქერი და 80 მეასედზე კარტოფილი დათესა, მაგრამ 12 ივნისს ახალქალაქის ექვს სოფელში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ მოსავლის ძირითადი ნაწილი გაუნადგურა.

„უკვე არ ვიცი რა ხერხს მივმართო, რომ სახელმწიფოსაგან რამე სახის დახმარება მაინც მივიღო. მეუბნებიან, მიწა დაზღვეული არ გაქვს და ვერ დაგეხმარებითო. სეტყვამ მოსავლის მინიმუმ 70% მთლიანად მომისპო, წელს ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დავრჩი“ - გვითხრა სოფელ ხანდოს მკვიდრმა რუბიკ ჰაკოფიანმა.




რუბიკ ჰაკოფიანმა ვერც მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარებით ისარგებლა. ამბობს, რომ სხვების მსგავსად პანდემიის გამო ისიც დაზარალდა, თუმცა აგროვადების დაგვიანების გამო აგრობარათით ვერ ისარგებლა. საწვავის მისაღებად კი თავად აღარ წავიდა ახალციხეში, რადგან ბენზინგასამართი სადგური, სადაც საწვავი უნდა აიღოს, მისი სოფლიდან დაახლოებით 90 კმ-ში მდებარეობს.

„რა აზრი ჰქონდა ხანდოდან ახალციხეში წასვლას, რაც უნდა ამეღო, იქიდან ნახევარზე მეტ საწვავს გზაში დავხარჯავდი. ეგ შეღავათი კი არა ზარალი უფრო გამოდის“ - ამბობს რუბიკ ჰაკოფიანი.

2014 წლის აღწერის მიხედვით, სოფელ ხანდოში 1090 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა მათი რიცხვი განახევრებულია. უმუშევრობის გამო, ახალგაზრდების დიდი ნაწილი სეზონურ სამუშაოებზე რუსეთშია წასული. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუბიკ ჰაკოფიანის მსგავსად, ალიოშა თოროსიანიც ფიქრობს, რომ სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების მინიმალურ საჭიროებებსაც არ აკმაყოფილებს, რის გამო იძულებულნი ხდებიან სამუშაო რუსეთში ეძებონ.

„საქართველო ჩვენზე არც პანდემიამდე ზრუნავდა და არც პანდემიის მერე. რუსეთი რომ არ ყოფილიყო, ალბათ შიმშილით მოვკვდებოდით“ - ამბობს ალიოშა თოროსიანი.

„ორმაგი მოქალაქეობა რომ გვქონოდა, შესაძლებელია ჩვენი თანასოფლელები საქართველოშივე დარჩენილიყვნენ“- აღნიშნავს გევორქ მარქარიანი.

ხანდოში მცხოვრები ეთნიკური სომეხი მოსახლეობის უმრავლესობა სახელმწიფო ენას არ ფლობს. ქართული ენის არცოდნის გამო, სოფლის ახალგაზრდები საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ნაცვლად სწავლას სომხეთსა და რუსეთში აგრძელებენ.

,,სოფელში სომხური ენაა დამკვიდრებული, სკოლაშიც მხოლოდ ამ ენაზე საუბრობენ, რის გამოც ჩემმა შვილებმა სწავლა ერევნის უნივერსიტეტში გააგრძელეს. აქ რომ დაბრუნდნენ სამსახური ვერ ნახეს და წასვლა მაინც მოუწიათ“- ამბობს მიხაილ ნაზარიანი.

სოფელს ორი ხელოვნური ტბა აქვს. ფერმერები მიწას სპეციალური სარწყავი ძრავის მეშვეობით რწყავენ, თუმცა ძრავის ყიდვის შესაძლებლობა ყველას არ აქვს, რის გამოც მოსახლეობა ახალქალაქის მერიას სარწყავი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას თხოვს. სოფელში პრობლემაა საბავშვო ბაღის უქონლობაც. ხანდოს ცენტრში არსებულ შენობას, რომელიც ბაღისთვის გამოიყო, არ აქვს ეზო, სათამაშო ინვენტარი და სხვა საჭირო მასალა.


ხანდოში მერის რწმუნებული განმარტავს, რომ საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სარწყავი წყლის პრობლემის შესახებ ახალქალაქის მერს ინფორმაცია უკვე მიაწოდა. აშოტ საარიანი ამბობს, რომ სამუშოების დროულად დასრულებას ხელი პანდემიამ შეუშალა.

„კორონავირუსის გამო ახალი შენობის ასაშენებლად ფინანსები აღარ გამოიყო. ამიტომ ისევ ძველ შენობას უნდა დავჯერდეთ. კარგი ის არის, რომ მასზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სავარაუდოდ ერთ კვირაში დავიწყებთ. რაც შეეხება ხელოვნური ტბებიდან წყლის მოყვანას, ხანდომდე წყალმა ექვსი სოფელი უნდა გამოიაროს, მე ყველანაირად ვცდილობ საკითხით მერია დავაინტერესო“ - აცხადებს ხანდოს რწმუნებული.

„საბავშვო ბაღში ტენდერი გამოცხადებულია და ველოდებით გამორჯვებულის გამოცხადებას. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რაც შეეხება სარწყავ სისტემას, ეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზეა. მაგ წყალზე სხვა სოფლებიც არიან მიერთებული და ისინიც სარგებლობენ, ამიტომ ხანდოსთვის გაცილებით ცოტა წყალი რჩება. ჩვენ მანდ არაფერი შეგვიძლია“ - გვითხრა ახალქალაქის მერის მოადგილემ შალვა ბალახაძემ.

ხანდოში 370-მდე ოჯახი ცხოვრობს, აქედან 100 -მდე ოჯახი სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს, 270 ოჯახის შემოსავალი კი სეზონურ სამუშაოებზე რუსეთში წასული ოჯახის წევრების საქმიანობაზეა დამოკიდებული. ის ფაქტი, რომ მოსახლეობის რაოდენობა უმუშევრობის გამო სოფელში განახევრებულია კარგად იცის რწმუნებულმა, მაგრამ ამბობს, რომ მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა ეს ხალხის არჩევანია. 

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |