სოფლის ამბები
„წინასაარჩევნოდ გვპირდებიან, მაგრამ დაპირება ჰაერში რჩება“ - რაზე ჩივიან ჟდანოვში
საზღვრისპირა სოფელი ჯავახეთში, სადაც ბუნებრივი აირი, გზა, სარწყავი წყალი და საბავშვო ბაღი არ აქვთ, ადგილობრივების ნაწილი კი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს. სოფელ ჟდანოვის მოსახლეობას ამის გარდა, კიდევ არაერთი პრობლემა აწუხებს.

სოფელ ჟდანოვის მოსახლეობას უმთავრეს პრობლემაზე რომ ჰკითხოთ, ერთხმად ბუნებრივ აირს დაასახელებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მაღალმთიან დასახლებაში, მკაცრ კლიმატურ პირობებში, წივით თბებიან. ამისთვის კი პირუტყვის ნაკელს მთელი ზაფხული აგროვებენ და აშრობენ. ჯავახეთში წივით გათბობა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე შეშით. სოფელში გაზის შეყვანის მოთხოვნით, მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართა. თვითმმართველობა მათ დაპირდა, რომ პროექტის მიხედვით, ჟდანოვი 2023 წლამდე გაზიფიცირდება. მაცხოვრებლებს ამ დაპირების არ სჯერათ.

„გაზი არ გვაქვს და არა მგონია, რომ ოდესმე გვქონდეს. ჯერ სოფელ გორელოვკაშიც არ არის. ჯერ იქ უნდა შეიყვანონ და შემდეგ ჩვენთან. დაპირებებს იძლევიან, მაგრამ დაპირებადვე რჩება“, - გვეუბნება სოფელ ჟდანოვის მკვიდრი ვიქტორ კრმჯიანი.

ჟდანოვის მაცხოვრებლები თავს სოფლის მეურნეობით ირჩენენ. აქ ყველაზე განვითარებული დარგები მეკარტოფილეობა და მეცხოველეობაა. ჯავახეთში მოწეული მოსავლისა და რძის ნაწარმის რეალიზაციას, მარნეულელი ვაჭრები ადგილზე ახდენდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს პროცესი ორი თვეა შეჩერებულია. ჟდანოვში ფიქრობენ, რომ ვაჭრობის შეჩერება შესაძლოა, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

„ასე თუ გაგრძელდა, არ ვიცი რა გვეშველება“, - წუხს შოღიკ მნოიანი.

ჟდანოვის, ისევე როგორც ჯავახეთის მოსახლეობის უმეტესობას, ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ეს საშუალებას აძლევდათ, სეზონურ სამუშაოზე რუსეთში წასულიყვნენ. 2013 წელს, კანონში შესული ცვლილების გამო, მათ საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს. ასეთი ჟდანოვში 25-მდე მამაკაცია. ერთ-ერთი კამო სიმონიანია. მას და ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება ქართულ ენაში გამოცდის ჩაბარებით შეუძლიათ. კამო გამოცდაზე ორჯერ გავიდა და ორჯერვე ჩაიჭრა.

„62 წელია საქართველოში ვცხოვრობ, აქ დავიბადე და გავიზარდე. ყველაზე საწყენი ის არის, რომ მარტო ფურცელს აქცევენ ყურადღებას, ადამიანურ გრძნობებს კი არავინ. მე ამ ხნის კაცი ვარ და ქართულს ახლა ვერ ვისწავლი, ძალიან ძნელია შევეგუო იმას, რომ საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ“, - გვითხრა კამო სიმონიანმა.

ჯავახეთის სხვა სოფლების მსგავსად,სარწყავი წყლის პრობლემა ჟდანოვშიცაა. ამის გარდა, სოფელში არ არის საბავშვო ბაღი. ადგილობრივები ახალდაგებულ გზაზეც ჩივიან, რომელიც რამდენიმე თვეში დაზიანდა.

„ძველი გზა დაანგრიეს, ახალიც ნორმალურად ვერ შეაკეთეს. ჟდანოვის ხიდიც უკვე ჩაინგრა“, - წუხს ადგილობრივი სერგეი მნოიანი.

„არც არასოდეს მოგვარებულა და არც მოგვარდება სარწყავი წყლის პრობლემა“,
- ამბობს ვიქტორ კრმჯიანი.


2020 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ჟდანოვში საბავშვო ბაღი აშენდება - ამბობს ნინოწმინდის მერის პირველი მოადგილე. მისი თქმით, სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება. ალექსანდრე მიქელაძე ჟდანოვის მოსახლეობას აიმედებს, რომ გაზიფიცირება თუ 2020 წელს ვერ მოესწრო, 2021 წლიდან დაიწყება.

„მომავალი წლიდან, დაახლოებით 1 500 კომლის გაზიფიცირება მოხდება“.


რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას - ალექსანდრე მიქელაძე ამბობს, რომ ახალგაზრდებმა სახელმწიფო ენა უნდა ისწავლონ. 


სოფლის ახალგაზრდები თავშესაქცევის გარეშე არიან. მოზარდები ამბობენ, რომ დრო ბურთის თამაშით გაჰყავთ, თუმცა ამისთვის არც გარემო და არც პირობები აქვთ. იმის გამო, რომ სოფელს სტადიონის დანიშნულებით ტერიტორია მოშორებით აქვს, ახალგაზრდებს ფეხბურთის თამაში ცენტრალურ გზაზე უწევთ.

„რაც საზღვარი ჩაიკეტა, გზაზე ცოტა მანქანა დადის და მარტივად ვთამაშობთ. ამ თემას ყოველთვის მეორე პლანზე დებენ, ბოლოს მაინც არ სრულდება ჩვენი ახალგაზრდების მოთხოვნა“, - ამბობს ჟდანოველი სტიოპ დუმანიანი.

მაღალმთიანი სოფელი გორელოვკის თემში, ზღვის დონიდან 2 130 მეტრზე მდებარეობს. დასახლება ნინოწმინდიდან 21 კმ-ით არის დაშორებული. სოფელში 390-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფელს 1939 წლამდე ეჟოვაკანი ერქვა, მოგვიანებით ჟდანოვაკანს ეძახდნენ, შემდეგ კი ჟდანოვით შეიცვალა.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |