სოფლის ამბები
მდინარე, რომელიც ხალხის ცოდვების გამო დაშრა - ლეგენდები სოფელ ორჯაზე
ორჯა ახალქალაქიდან 9 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. სოფელი, მდინარე ბარალეთის მარჯვენა ნაპირზე ზღვის დონიდან 1680 მეტრზეა განთავსებული. ორჯაში თავს ძირითადად სოფლის მეურნეობითა და რუსეთში მუშაობით ირჩენენ.
პანდემიის გამო ორჯელების უმრავლესობამ საქართველოს ჩრდილოეთით წასვლა ვეღარ შეძლო, რის გამოც წელს, ტრადიციული სპორტული ჩემპიონატი, ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. სხვადასხვა მიზეზით ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდების სახელზე სპორტულ ღონისძიებაში წელს 15 -მდე სოფელი მონაწილეობდა. გამარჯვებულებს ჟიური პრიზის სახით თასებით და მედლებით აჯილდოვებს.
ორჯაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი - XVI საუკუნეში აგებულ მართლმადიდებლურ ეკლესიას 2018 წელს მიენიჭა. ტაძარი მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. იგი მე-16 საუკუნის 70-იან წლებამდეა აგებული, სანამ მესხეთს თურქები დაიპყრობდნენ.
სოფელი ეკლესიებისა და სამლოცველოების სიმრავლით გამოირჩევა. ორჯელების თქმით, წმინდა თადეოსის სამოციქულო ეკლესია 1988 წელს დაინგრა. 2016 წელს გათხრების შედეგად სოფლის მოსახლეობამ ეკლესიის ნანგრევები აღმოაჩინა. ეკლესიის თითქმის ნახევარი მიწის ქვეშ იყო მოქცეული. ადგილობრივებმა ეკლესიის შესაკეთებლად ფული შეაგროვეს.
სოფელში კიდევ ერთი - ახალი „ჰაზმარის“ სახელობის ეკლესიაა, რომელიც 1997-1999 წლებში აიგო. ლეგენდის თანახმად, ვინც ამ ეკლესიაში შევიდოდა და სანთელს აანთებდა, ყველა სახის დაავადებისაგან განიკურნებოდა.
ეკლესიების გარდა, სოფელში 2018 წლიდან სამლოცველოც ფუნქციონირებს, რომელსაც ადგილობრივები იუზბაშანების წმინდა რელიქვიას უწოდებენ.
იუზბაშანების წმინდა რელიქვიის გარდა, სოფელში ძველი სამლოცველოც დგას, რომელიც 1900 წელს აიგო. 1996 წელს ადგილობრივი ველიხან ანტონიანის დაფინანსებით მას რესტავრაცია ჩაუტარდა.
6 მაისს სოფელ ორჯას მოსახლეობა „წრადონის“ დღესასწაულს ზეიმობს. ამისთვის მეზობელ სოფელ ხანდოში გადადიან და სანთლებს ანთებენ. ტრადიციის თანახმად, სოფელში ამ დღეს ქალები რკინის ნივთებს ( დანა, კოვზი და ა.შ.) არ ეხებიან. ამ დღეს, მათთვის ასევე აკრძალულია სახლში მუშაობაც.
ლეგენდის თანახმად, სოფელ ორჯაში მდინარე არსებობდა, რომელსაც მოსახლეობა „კოჩკოჩიანს“ უწოდებდა. ორჯას გარდა, მდინარე სოფლებს: დილისკასა და კორხს წყლით ამარაგებდა. დროთა განმავლობაში კოჩკოჩიანი დაშრა. ადგილობრივების აზრით, მდინარის დაშრობის მიზეზი მოსახლეობის ცოდვებია. ამ ტერიტორიაზე ხალხი სანთლების ასანთებად და სალოცავად დღემდე დადის.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე
| Print |