სოფლის ამბები
აქ მხოლოდ სუფთა ჰაერით ვარსებობთ - ოროჯოლარის მოსახლეობა (ფოტორეპორტაჟი)
პირველი თოვლის შემდეგ ჯავახეთში სხვა ცხოვრება იწყება. ამ დროისათვის მოსახლეობას უკვე აქვს მომარაგებული საწვავი შეშა, ფქვილი და სხვა საჭირო ზამთრის მარაგი, ასევე პირუტყვის საკვები. გრძელი ზამთრისა და ძლიერი ყინვების გამო საქართველოს სამხრეთით მზადება ჯერ კიდევ გაზაფხულიდან იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება.
სოფელი ოროჯოლარი ნინოწმინდიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს. მიუხედავად ამისა, გზის გაწმენდა თითქმის ყოველდღიურად არის საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ყინვამ და ნამქერმა შესაძლებელია მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტოს.
ოროჯოლარში ჩივიან, რომ უმუშევრობის გამო მაცხოვრებელთა რაოდენობა განახევრებულია. პანდემიამ და მის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა კი მათი სოციალური ყოფა კიდევ უფრო დაამძიმა. მკაცრ კლიმატს და კოვიდ19-ს სახლში ყოფნითა და ცხელი ღუმელით ებრძვიან.
ოროჯოლარში სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამით, რომ ისარგებლონ, გაძვირებული შეშის მომარაგება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მრიცხველი დაწესებულ 200 კუბურ მეტრს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს და ისედაც შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას, გაორმაგებული თანხის გადახდა მოუწევს.
სოფელში საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.
ნაძვის ხე მოირთო, სუჯუხი და ბასტურმა გამოშრა, ჩირები იგივე საახალწლო მარგალიტები, როგორც მას მოსახლეობა უწოდებს, დამზადდა.  საშობაოდ დასაკლავი ღორიც მოსუქდა. 
სოფლის შრომაში პატარებიც არიან ჩართული. სხვაგვარად უფროსები ვერაფერს მოასწრებენ. საქმეს ყველა შესაძლებლობიდან გამომდინარე აკეთებს.
ვიდრე მოზარდები გზას წმენდენ, პატარები თოვლში თამაშობენ.
რუსეთში სამუშაოდ წასული მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც სოფელში სახლი აღარ აქვს, ოროჯოლართან კავშირს მაინც არ წყვეტს. მათი საზაფხულო დაჩა კი გაზისა და დენის მრიცხველით ასე გამოიყურება.
ოროჯოლარი ზღვის დონიდან 1880 მ სიმაღლეზე მდებარეობს. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, სოფელში 1406 ადამიანი ცხოვრობს.
ზამთრისა და პანდემიის გამო სახლებში დარჩენილი მოსახლეობა და ცარიელი სოფელი - ასე გამოიყურება ოროჯოლარი.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |