სოფლის ამბები
"წელს ქალაქელებად ვიქეცით, არც საქონელი გვყავს და არც გასაყიდი მოსავალი“ - ჯიგრაშენის მაცხოვრებლები
სოფელი ჯიგრაშენი ქალაქ ნინოწმინდიდან ექვს კილომეტრში მდებარეობს. აქ დაახლოებით 250 ოჯახი ცხოვრობს.

სოფელში საბავშვო ბაღი არ აქვთ. მშენებლობა დაიწყეს, მაგრამ შენობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჯიგრაშენელების ძირითადი შემოსავლის წყარო მიწათმოქმედება და მესაქონლეობაა. COVID 19-მა ვითარება სოფელშიც მნიშვნელოვნად შეცვალა. ჩაკეტილი საზღვრების გამო მოსახლეობა სამუშაოდ რუსეთში ვეღარ წავიდა, რამაც მათი სოციალური მდგომარეობა გააურესა.


ჩამოთვლილ პრობლემებს უმუშევრობა, სახელმწიფო ენის არცოდნა და წყლის დეფიციტი ემატება. ჯიგრაშენში საბავშვო ბაღს წლებია ითხოვენ. წელს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამშენებლო სამუშოები დაიწყო, თუმცა ვერ დასრულდა. პანდემიის გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა ადგილობრივები შემოსავლის გარეშე დატოვა.

,,წელს ,,ხოფანზეც“ ვერ წავედით, ვერც დახმარებები მივიღეთ, კი არ ვცხოვრობთ, ვარსებობთ“ - ამბობს გერმან პოღოსიანი.

მესაქონლეობის გარდა, ჯიგრაშენში მიწათმოქმედებასაც მისდევენ. თითოეული ოჯახი კარტოფილს რამდენიმე ჰექტარზე თესავს.

,,მთელი ახალგაზრობა უმუშევარი დარჩა, ამას ცხოვრება აღარ ჰქვია. აღებულ მოსავალსაც ვერ ვყიდით, რომ თავი როგორმე გავიტანოთ“ - წუხს გურგენ შაშვრედიანი.

ჯიგრაშენში, ,,ხოფანიდან“ მიღებული შემოსავლის გარდა, ადგილობრივები სოფლის მეურნეობითაც ირჩენდნენ თავს. წელს კი ამბობენ, რომ ქვეყანაში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო რეალიზაციაც იმ რაოდენობით ვერ ხდება და რის გაყიდვასაც ახერხებენ, იმასაც მხოლოდ დაბალ ფასად.

„ვაჭრობა აღარ არის, კლიენტიც თითქმის არ გვყავს... რომც გვყავდეს, საქონლის გაყიდვა მაინც ძალიან დაბალ ფასად გვიწევს. ადრე რესტორნები მუშაობდა, ხორცი ჭირდებოდათ. ჩვენც პირუტყვსა და ღორს ვზრდიდით და შემოსავალი გვქონდა, ახლა ყველაფერი გაჩერდა“ - ჩივის გერმან პოღოსიანი.

„წელს ჩვენ ქალაქელებივით ვართ, არც საქონელი გვყავს და არც გასაყიდი მოსავალი გვაქვს, საახალწლოდ სხვისგან მოგვიწევს ბევრი რამის ყიდვა“, - წუხს ზოია ეზიკიანი.

ადგილობრივების განმარტებით, სოფელში წყლის პრობლემაც წლებია დგას.

ჯიგრაშენში მერის წარმომადგენელის თქმით, პანდემიისა და შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო სოფელში, საბავშვო ბაღისა და გზის სარემონტო სამუშაოები შეწყდა, თუმცა ამბობს, რომ გაზაფხულზე კვლავ განახლდება. არაიკ ჰოვჰანისიანი ირწმუნება, რომ გეგმის მიხედვით, ბაღის სამშენებლო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.

საბავშვო ბაღისა და საავტომობილო გზის გარდა, 2021 წელს, ჯიგრაშენში მინი-სტადიონიც უნდა აშენდეს.

„მინი-სტადიონი უნდა ავაშენოთ, ბავშვებმა და ახალგაზრდებმა რომ ივარჯიშონ. ნელ-ნელა ყველაფერი იქნება, ამისთვის კი დრო და ფინანსებია საჭირო“, - ამბობს რწმუნებული.

სოფელი ჯიგრაშენიც, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დანარჩენი სოფლების მსგავსად, მაღალმთიან სოფლად მიიჩნევა. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, სოფელში 786 ადამიანი ცხოვრობს. ჯიგრაშენი, ზღვის დონიდან 1 900 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. დანარჩენი სოფლების მსგავსად, მასაც მაღალმთიანი სოფლის სტატუსი აქვს მინიჭებული. სოფელში დგას განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესია.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |