სოფლის ამბები
„ჩემი ვაჟი სახლში ვერ ბრუნდება, იქ უმუშევრობაა, აქ კი სიღარიბე“, - სათხეს მკვიდრი

 

სოფელი სათხე, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქალაქიდან 6 კილომეტრითაა დაშორებული. მოსახლეობის 99.6% ეთნიური სომეხია. სოფელი ძირითადად მეკარტოფილეობასა და მესაქონლეობას მისდევს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეს მოსახლეობის პრობლემები ჯავახეთის სხვა სოფლებში არსებული პრობლემების იდენტურია. ადგილობრივები ჩივიან, რომ არ არის სამუშაო ადგილები, საზღვრების ჩაკეტვამ კი მათი შემოსავალი მნისვნელოვნად შეამცირა. არ აქვთ საკმარისი სასმელი წყალი და მოწესრიგებული გზა. გარდა ამისა, მოსახლეობა ახალგაზრდებისთვის სპორტულ დარბაზს წლებია ითხოვს.

სოფელში შიდა საავტომობილო გზა ამორტიზებულია. ადგილობრივები მის მოასფალტებას წლებია ითხოვენ, თუმცა გზის მოსაწესრიგებლად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, საჭირო თანხები ამ დრომდე ვერ გამოიყო.

„სათხეში გზა დაზიანებულია და მოასფალტებაა საჭირო. ყოველ წელს გვპირდებიან, მაგრამ დღესაც გასაკეთებელია“, - ჩივის ადგილობრივი.
სოფელში პრობლემაა სასმელი წყალიც. საკითხი უფრო მეტად ზამთარში აქტიურდება, მაშინ, როდესაც მკაცრი კლიმატური პირობების გამო სისტემა იყინება. ადგილობრივების თქმით, ახალი ქსელის შემოყვანა დაიწყეს, თუმცა სამუშაოები ვეღარ გაგრძელდა.

„დროდადრო არ გვაქვს წყალი. ხან მოდის, ხან წყდება. დაიწყეს წყლის შემოყვანა და ზამთრის გამო, სამუშაოები შეჩერდა“, - ამბობს ადგილობრივი მჰერ ღუკასიანი.


სათხეს მაცხოვრებლები ახალგაზრდებისთვის სპორტდარბაზის მოწყობას ითხოვენ. მათი თქმით, ახალ თაობას არანაირი გასართობი საშულება არ აქვთ, გარდა ინტერნეტისა, რის გამოც მხოლოდ ტელეფონებზე და კომპიუტერებზე არიან „მიჯაჭვულები". იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ და სხვა უფრო სასარგებლო ინტერესი გაუჩნდეთ, ადგილობრივები მუნიციპალიტეტისგან შესაბამის მხარდაჭერას ითხოვენ.

ჯავახეთის სხვა სოფლების მსგავსად, სათხეშიც დასაქმების პრობლემა აქტუალურია. ადგილობრივების ძირითადი შემოსავალი მეზობელ ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე გამომუშავებული თანხა იყო, რომელშიც სათხეს თითქმის ყველა ოჯახის წევრი იყო ჩართული.

„ ხოფანში“ ჩემი ვაჟია წასული და საზღვრების ჩაკეტვის გამო, სახლში ვერ ბრუნდება. მეც ვშიმშილობ და ჩემ ბიჭსაც რუსეთში სამსახური არ აქვს, რომ ორი კაპიკი გამომიგზავნოს“, - ამბობს ზარინე ანანიკიანი.

სათხეს მოქალაქეები ასევე ჩივიან პროდუქტისა და მედიკამენტების სიძვირეზე. ამბობენ რომ გასავალი დიდია, შემოსავალი კი მინიმალური.
„სოფელში არიან ადამიანები, ვინც 10 ჰექტარს ამუშავებს, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვისაც ერთი ჰექტარი მიწაც კი არ აქვთ რომ თავი რამენაირად გაიტანონ. არც სამუშაოა და არც ფული, სრული გაჭირვებაა“, - ამბობს ელენა კობალიანი.



ნინოწმინდის მერია სათხეში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმირებულია. ქალაქის მერის წარმომადგენელი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ სოფლის პრობლემების შესახებ იცის, თუმცა მისი მოგვარება გლობალურ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ანდრანიკ წარუკიანის თქმით, სანამ ხელისუფლება არ გაძლიერდება და კორონაპანდემია არ შესუსტდება, მასშტაბური პროექტების განხორციელებას მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებს.

„მუნიციპალიტეტი ფეხს აიდგამს მაშინ, როცა ყველა დაწესებულება შეძლებს გადასახადების დაფარვა“,
- ამბობს ანდრანიკ წარუკიანი.
რწმუნებული ამბობს, რომ მან სათხეში არსებულ პრობლემებზე მერიას არაერთხელ მიმართა.

„2020 წელს დავიწყეთ წყლის შემოყვანა კასპიდან სათხეში, თუმცა ზამთარი და ახალი წელი დადგა, ამიტომ შეჩერდა სამუშაოები. გარწმუნებთ, რომ გზისა და წყლის პრობლემა 2021 წლის გაზაფხულიდან მოგვარდება“,
- ამბობს რწმუნებული ანდრანიკ წარუკიანი.



2002 წლის მოსახელობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სათხეში 2 222 კაცი ცხოვრობდა. 2014 წლის მოანცემებით კი მოსახლეობის რაოდენობა 1 516-მდე შემცირდა, რასაც ადგილობრივები უმუშევრობას უკავშირებენ.


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

| Print |