სოფლის ამბები
სოფელი მომავალი თაობის გარეშე
ბოლო 25 წელში, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა 90 961 ადამიანით შემცირდა. მოსახლეობა განხევრებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში. ეროვნებით სომეხი მოქალაქეებით დასახლებულ სოფელში ძირითადად, მოხუცები ცხოვრობენ.

ბალასან ბალასანიანი წინუბნის განაპირა სახლში, 10 წელია მარტოდმარტო ცხოვრობს. ცოლის გარდაცვალების შემდეგ, საზღვარგარეთ მყოფი შვილიშვილები წელიწადში ერთხელ აკითხავენ. მისი ოჯახის წევრებმა სოფელი დიდი ხნის წინ დატოვეს და საცხოვრებლად რუსეთში გადავიდნენ.

„მენატრება ჩემი შვილები და შვილიშვილები, რომლებიც წლებია აქ აღარ ცხოვრობენ. როგორ მინდა ამ სიბერეში მეც მათთან ვიყო“, - გვეუბნება ბალასან ბალასანიანი და კლუბის მიტოვებული შენობისკენ მიდის.
წინუბანში დარჩენილი მოხუცი მამაკაცები სოფლის ცენტრში, კლუბის შენობაში ყოველ დღე იკრიბებიან. ამბობენ, რომ ერთფეროვანი დღეები წარსულის მოგონებებით გაჰყავთ. იმ დროს იხსენებენ, როცა სოფელში 300-მდე ოჯახი ცხოვრობდა და ორღობეებში ბავშვების ჟრიამული ისმოდა. ახლა კი წყალთბილას რამდენიმე მოხუცი შემორჩა, რომლებსაც დრო ნარდის თამაშით გაჰყავთ.

„სოფელში არაფერი და არავინ დარჩა, სრულიად დაცარიელდა. არც ქარხანაა, რომ ხალხი დასაქმდეს და ორი კოპიკით ოჯახები არჩინონ, ამიტომ კარები ჩაკეტეს და სოფლიდან წავიდნენ“, - წუხს გრიშა ესაიანი.
სოფლის დაცლის მიზეზად ქვეყანაში უმუშევრობას და სიღარიბეს ასახელებენ. მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას გაექცნენ შუშან მანასოვის ოჯახის წევრები. 80 წლის მარტოხელა ქალს 15 წელია შვილები და შვილიშვილები არ უნახავს.

„უკეთესი მომავლისთვის ყველა ახალგაზრდა რუსეთში გადავიდა, ჩვენ მოხუცები კი სოფელში დავრჩით. ქვეყანაში არც სამუშაოა და არც საცხოვრებელი პირობები, რა აზრი აქვს აქ ცხოვრების?“, - წუხს შუშან მანასოვი.
შუშან მანასოვი სოფლის ცენტრში ცხოვრობს. ავარიული საცხოვრებლის გარშემო, ყველა სახლი დაკეტილია. უმეზობლოდ დარჩენილი შუშანი მთელ დღეებს სახლში ატარებს.
სოფლის ორღობეებში სკამები ცარიელია. ხალხს ვერც რუსეთში მცხოვრები წინუბნელის მირ მოწყობილ თავშეყრის ადგილზე შეხვდებით. ჭადრაკს მტვერი დასდებია. მამაკაცები აქ ზაფხულობით იკრიბებიან. შენობის კედელზე ვლადიმირ ლენინის პორტრეტია დახატული.
მოსახლეობის საყოლველთაო აღწერის მიხედვით, 2002 წლის სოფელში 425 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს კი - 251. ადგილობრივების თქმით, ეს ციფრი ახლა გაცილებით დაბალია. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ სოფელი, ადგილობრივების მიერ, უკეთესი საცხოვრებელი პირობების ძებნისას იცლება.

„ჩვენი მუნიციპალიტეტი დანარჩენებისაგან იმით განსხვავდება, რომ ადგილობრივი ხალხი ძალინ მშრომელია. თუმცა, ყველას გადაწყვეტილება ერთნაირი ვერ იქნება, ზოგი კმაყოფილდება სოფლის მეურნეობით, მშენებლობით, ზოგი კი რუსეთში, სომხეთში ან ნებისმერ სხვა ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად, უკეთესი ცხოვრებისა და პირობების შესაქმნელად“, - ამბობს მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი.

ახალციხეში მხოლოდ წინუბანი არ იცლება. ოჯახის რჩენის გზებს ქალაქში ან საზღვარგარეთ ეძებს თითქმის ყველა სოფლის მაცხოვრებელი.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში სასოფლო დასახლებაში მოსახლეობის კლებამ 23,7 %, ხოლო ქალაქის მოსახლეობის კლებამ 7,1 % შეადგინა.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |