სოფლის ამბები
სოფელი იცლება - აბათხეველები
პანდემიის გამო შექმნილი ჯანმრთელობის პრობლემები და გაძვირებული პურ-პროდუქტები ის საკითხებია, რომელმაც სოფელ აბათხევის მოსახლეობას ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახელმწიფო ენის არცოდნისა და დაუსაქმებლობის გამო, თავს ძირითადად მეკარტოფილეობითა და მესაქონელობით ირჩენენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე აბათხევი ზღვის დონიდან 1 340 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი ქალაქიდან 16 კილომეტრით არის დაშორებული. ჩამოთვლილი პრობლემების გარდა, აბათხევში საბავშვო ბაღის, სკოლისა და მიგრაციის გამოც ჩივიან.

ადგილობრივები მთავარ პრობლემად უმუშევრობასა და სოფლის პროდუქტების გაიაფებაზე ჩივიან. ამბობენ, რომ სანამ ძველ მარაგს არ გაყიდიან, სასოფლო-სამეურნეო მასალების ყიდვასა და საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ.

როცა კარტოფილის თესლს ვყიდულობთ ერთი ევროს ღირებულებით და მოწეულს ვყიდით 80 თეთრად, სად ჩანს ჩვენი მოგება ან შეღავათი? ძალიან ძნელია ასე ცხოვრება“, - ამბობს ტიგრან თოროსიანი.

„სრული უმუშევრობაა, სადმე 25-30 ლარიან სამუშაოს თუ ვნახავ, ეგ არის ჩემი ოჯახის შემოსავალი, მაგრამ ეს თანხა რვასულიან ოჯახს როგორ უნდა ეყოს“, - წუხს ელისაბედ გოგორიანი.

მოსახლეობის სიმცირის გამო სოფელში არ აქვთ სამედიცინო პუნქტი, საბავშვო ბაღი და სკოლა. პატარები მშობლებს მეზობელ სოფელ წყალთბილაში დაჰყავთ. აბათხეველები სოფელში საბავშვო ბაღისა და სკოლის აშენებას ითხოვენ.

„ტრანსპორტიც არ დადის სოფელში, რომ ბავშვები ვატაროთ წყალთბილის ბაღში ან სკოლაში, ვისაც მანქანა არ გვყავს იმ ხალხმა რა ვქნათ?“, - წუხს ელისაბედ გოგორიანი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მოსახლეობა ჩივის მიგრაციაა. აბათხევის სახლების უმეტესობას კლიტე ადევს. ადგილობრივების თქმით, 130-მდე კომლიდან უმუშევრობის გამო მხოლოდ 54 დარჩა.


ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი აბათხევის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, სხვა სოფლებთან დაკავშირებული კომენტარების იდენტურია. ახალციხის მერია პრობლემების შესახებ ინფორმირებულია, მაგრამ მათ მოგვარებაში ვერ ერთვება. მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი ამბობს, რომ აბათხევში საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხი არ განიხილება.

„აბათხევიდან წყალთბილის საბავშვო ბაღში მხოლოდ შვიდი აღსაზრდელი დადის. ობიექტი გარემონტებულია, აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით და მოწყობილობებით“
-ამბობს რუბენ კარაპეტიანი.

რაც შეეხება ტრასპორტის დანიშვნას, მერის მოადგილის თქმით, აბათხევი და წყალთბილა გეოგრაფიულად ერთმანეთთან იმდენად ახლოს მდებარეობს, რომ ერთი სოფლიდან მეორეში ფეხით გადაადგილება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.


2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, აბათხევში 330 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს კი თითქმის განახევრდა და 185 ადამიანი დარჩა. სოფელში მიგრაციის მიზეზად უმუშევრობას ასახელებენ.

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |