სოფლის ამბები
„სოფელი მარტო მოხუცებს უნდათ“- უნწის მოსახლეობა
სასმელი წყლის გაუმართავი სისტემა, ამორტიზებული გზა, საბავშვო ბაღისა და სამედიცინო პუნქტის არარსებობა, მცირე საძოვრები - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ უნწის მოსახლეობას აწუხებს. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ბენარის თემში მდებარე სოფელი ზღვის დონიდან 1 120 მეტრზე მდებარეობს.
უნწა დაბა ადიგენიდან 14 კმ-ში მდებარეობს. სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნახევარი გაკეთდა. როდის მოეწყობა მეორე ნახევარი, ადგილობრივებმა არ იციან. სოფელში იმედოვნებენ, რომ სამუშაოები უახლოეს ოთხ წელიწადში დასრულდება.

„სოფელში ნახევარი გზა გაკეთდა, მხოლოდ შიდა გზებია გასაკეთებელი და ეგეც ნელ-ნელა მოგვარდება“, - აცხადებს ვეფხია ჭაღიაშვილი, მერის წარმომადგენელი ბენარის ადმინისტრაციულ ერთეულში.

უნწაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საძოვრების სიმცირე სახელდება. პრობლემა განსაკუთრებით, გაზაფხულიდან აქტიურდება, როდესაც საქონლის მინდორში საბალახოდ გაყვანა იწყება. გლეხების თავსატეხი ოქტომბრამდე გრძელდება, რადგან ამ პერიოდში პირუტყვის გამოკვება მათ ველად უწევთ.

„საძოვრების სიმცირის გამო, სერიოზული პრობლემები გვაქვს. პირუტყვი ვეღარსად გაგვყავს, ნორმალურად რომ ჭამოს და რძე მოიწველოს. ყოველ დღე ერთი და იგივე ადგილზე მიგვყავს, მიწას ლოკავენ, რადგან აღარაფერია დარჩენილი, ასე სადამდე შეიძლება გაგრძელდეს? “- ამბობს ადგილობრივი ლევან ელიავა.

საძოვრების გარდა, უნწაში სასმელი წყლის პრობლემებზეც ჩივიან. ადგილობრივების თქმით, გაუმართავი სისტემის გამო, მოსახლეობას წყალი ზამთარში არ მიეწოდება - ამის მიზეზი კი მიწის ზემოდან დატოვებული მილებია, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მკაცრ კლიმატს ვერ უძლებს და იყინება.

„წყალი მარტო ზაფხულში გვაქვს, ზამთარში კი საერთოდ უწყლოდ ვრჩებით. ავალთ, ჩვენი ძალებით რის გაკეთებასაც შევძლებთ - ვაკეთებთ, მაგრამ ყინვისგან გამსკდარ მილებს რა უნდა ვუშველოთ? ხომ შეიძლება რაღაც მაინც გაკეთდეს ხარისხიანად, რომ ზამთარში ამხელა სოფელი უწყლოდ არ იყოს?“ - ამბობს რევაზ მამულაშვილი ადგილობრივი.

უნწაში მცხოვრები 70-მდე ოჯახი ხელისუფლების უყურადღებობაზე ამახვილებს ყურადღებას. ადგილობრივებისთვის პრობლემაა სოფელში მხოლოდ დაწყებითი სკოლის ფუნქციონირება. სოფელში საბავშვო ბაღის უქონლობაზეც ჩივიან. მათ, ვისაც ოჯახში დამტოვებელი არ ჰყავთ, პატარები მეზობელი სოფლის - ვარხნის საბავშვო ბაღში დაჰყავთ.
„სოფელში გვაქვს სკოლა, მაგრამ მხოლოდ ოთხი კლასი, ოთხი კლასის შემდეგ ბავშვები ვარხანში დადიან. უნწაში არც ბაღია და არც არაფერი, რითაც შეიძლება ბავშვები დაკავდნენ“, - ამბობს ადგილობრივი ვახტანგ ზაზაშვილი.

უნწის მაცხოვრებლები ხელისუფლებისგან პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. შიშობენ, რომ თუ სოფელს ელემენტარული, ყოფითი პრობლემები არ მოუგვარდება, უნწას ბევრი ოჯახი დატოვებს და საცხოვრებლად ქალაქში გადავა. არსებული ვითარების შესახებ, კარგად იცის სოფლის რწმუნებულმა. ვეფხვია ჭაღიაშვილი იმედოვნებს, რომ უნწაში პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.

„სოფელში წყლის პრობლემა ნამდვილად არის, თუმცა არც ისე საგანგაშოდ, წყალი იყინება ხოლმე ზოგჯერ. სკოლაც გვაქვს, მართალია 4 კლასი, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მერე ვარხანში აგრძელებენ ბავშვები სწავლას, რომელიც ახლოს მდებარეობს. სოფელში ბაღისა და სკოლის აშენება ჯერ არ იგეგმება, რაც შეეხება გზას - სოფელში მხოლოდ შიდა გზები დარჩა გასაკეთებელი და ეგეც ნელ ნელა მოგვარდება“ - აცხადებს ადიგენის მერის წარმომადგენელი სოფელში.

სოფელს არც მაღალმთიანის სტატუსი აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ შეღავათებით მეზობელი სოფლის მოქალაქეები სარგებლობენ, ისინი კი არა. არაერთი მოთხოვნის და საპროტესტო აქციის მიუხედავად, სოფელმა სტატუსი ვერ მოიპოვა.

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |