სოფლის ამბები
,,ჩემი აცრა არ შეიძლება“
ერთი ზარი ლოცვის დაწყებას ნიშნავს, მეტი უბედურებას. როდესაც წყალთბილაში ეკლესიის ზარი ცხრაჯერ ჩამოჰკრავს, სოფელში იციან, რომ ვიღაც გარდაიცვალა. გლოვის ზარი ბოლო დროს გახშირდა. ახალციხეში სომხური თემით დასახლებული ეს სოფელი ერთ-ერთია მათ შორის, სადაც ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. მძიმე ეპიდსიტუაცია აშინებთ, თუმცა აცრას მაინც არავინ აპირებს. ერთადერთი, რასაც ითხოვენ წყალთბილაში საავადმყოფოს აშენებაა.

პეტროს ქოსიანს კორონავირუსი ახალი წლის წინა დღეებში შეხვდა. მძიმედ გადაიტანა. თვენახევრის განმავლობაში ფეხზე დგომა და ჭამა უჭირდა. თავს სუსტად კიდევ დიდხანს გრძნობდა. საავადმყოფოსთვის არ მიუმართავს, სახლში იმკურნალა. ამბობს, რომ გადატანილი ინფექციის შემდეგ ,,ხარივით ჯანმრთელია“ და აცრას არ აპირებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცრება, თუ ვაქცინაცია საყოველთაო გახდება. პეტროსის მსგავსად, წყალთბილაში ამ დრომდე არავინ აცრილა, მხოლოდ ისინი, ვინც რუსეთში წავიდა.

83 წლის ოგანეს ბაბაჯანიანი ორ მოხუცებულთან ერთად თანასოფლელის დაკრძალვას განიხილავს. წუხს, რომ სოფლის არსებობის ისტორიაში, პირველად მოხდა, როცა წყალთბილაში, ახლადგარდაცვლილი მამაკაცის დაკრძალვას მთელი სოფლის ნაცვლად 15-მდე ადამიანი დაესწრო. ,,უცებ გახდა ცუდად, სიცხეები მისცა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მეუღლეც ცუდად ჰყავს. პირველად შეგვეშინდა. ყველას ეშინია.. ,,ბირჟაზე“ კაცი აღარ გამოდის. ოთხ კედელში გამოვიკეტეთ“.

სოფელში მისულებს უჩვეულო სიცარიელე დაგხვდა. საშემოდგომო სამუშაოების მიუხედავად, წყალთბილის 400-მდე ოჯახი კორონავირუსმა სახლში გამოკეტა. მოხუცები ამბობენ, რომ სოფელში შიშმა დაისადგურა.

,,გარეთ არავინ გამოდის, იმალებიან რადგან ამ ვირუსის ყველას ეშინია. გესმით ხომ ეს რას ნიშნავს? ,,ბირჟა“ სავსე იყო ყოველთვის, ახლა კი ხედავთ, ოთხი კაცი ვსხედვართ. მიცვალებულსაც კი, შორიდან მივაგეთ პატივი“.

,,ერთმანეთის გვეშინია, რომ არ გადაგვედოს, ერთმანეთს გავურბივართ და ვემალებით.. ისეთი სიცარიელეა ირგვლივ, თითქოს სოფელში არავინ იყოს. მეც ვეღარ გავძელი სახლში და გამოვედი, ადამიანის ხმა რომ გამეგო“.
ეშინიათ, სახლში ჩაიკეტნენ, მაგრამ აცრას მაინც არავინ აპირებს. გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ნაწილი ფიქრობს, რომ კოვიდ19 არ არსებობს. გამოკითხულთა უმრავლესობა აცრის საპირწონედ თავს სახლში ყოფნითა და ძლიერი იმუნიტეტით იწონებს. 79 წლის ოგანეს ადამიანი დარწმუნებულია, რომ ,,კაჟივით ძლიერს“ კორონავირუსი ვერაფერს დააკლებს, ვერც მისი ოჯახის წევრებს მოერევა. ერთადერთი რაზეც წუხს, ისაა რომ სოფელში საავადმყოფო არ აქვთ.

,,ხნიერი ხალხი ვართ, შუაღამეს ავად რომ გახდეს ვინმე, სად უნდა წავიდეს? რუსეთის ნებისმიერ ტერიტორიაზე ხუთოჯახიან სოფელსაც კი საავადმყოფო აქვს, ჩვენთან კიდევ ხუთ სოფელს არ გვაქვს. მარტო ისინი იცრებიან ვინც ქვეყნიდან ქვეყანაში მიდი-მოდის, ჩვენ კიდევ სოფლიდან არსად გავდივართ“ - ამბობს ოგანეს ადამიანი.

68 წლის ექთანი, ლიდა პოღოსიანი თანასოფლელებს პირველად დახმარებას მრავალი წელია უწევს. რამდენი კოვიდინფიცირებულია ამჟამად სოფელში ზუსტი პასუხის გაცემა უჭირს. ვარაუდობს, რომ ბოლო ერთი თვეა დაავადებულ თანასოფლელთა რიცხვი 20-დან 60-მდე მერყეობს. ინფექციის გავრცელების მთავარ პრობლემად ინფორმაციის ნაკლებობას მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსია, აცრის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ ვერ მიიღო.

,,ერთი პროფესორი აცრისკენ მოგიწოდებს, მეორე საწინააღმდეგოს გიმტკიცებს. ინტერნეტში მოსმენილით რა უნდა გადაწყვიტო? არავინ მოდის, რომ წესიერად აგიხსნას და გაგარკვიოს. აგერ მე, ექთანი ვარ, ამბობენ რომ კლინიკებში ხალხი არ ჰყოფნით. ისიც კი არვიცი, აცრის შემთხვევაში, როდის რა წამალი იქნება უკეთესი. ჩვენი პატრონი არავინ არის, ამიტომ ვართ ჩაკეტილები და შეშინებულები. მარტო ღმერთის იმედად დავრჩით“ - ამბობს ლიდა პოღოსიანი.კოვიდ19 მსუბუქი ფორმით გასული წლის სექტემბერში გადაიტანა, საქართველოში ჩამოსვლამდე ,,სპუტნიკ ლაითით“ აიცრა, რადგან სხვაგვარად რუსეთიდან მშობლიურ სოფელში ვერ დაბრუნდებოდა. ნატუი ნაჰაპეტიანი ვერავის ურჩევს აიცრას თუ არა, რადგან ფიქრობს, რომ ეს მედიკოსების საქმეა. ისიც იცის, რომ წყალთბილაში აცრას არავინ აპირებს. რადგან გაიგეს, რომ ვაქცინაციას ადამიანი ემსხვერპლა, ,,სიკვდილის კი ყველას ეშინია“.

,,მე ავიცერი, რადგან ახალგაზრდა ვარ, ესენი მოხუცები არიან, მათ შორის თანხმლები დაავადებებით. რომ ვერ გაუძლონ? ეშინიათ და რა გასაკვირია, რომ არ უნდოდეთ აცრა?“ - კითხულობს ნატუი ნაჰაპეტიანი.

,,ვაქცინას თუ გავიკეთებ, მოვკვდები.. ახალციხეში გაიკეთა ქალმა და მოკვდა. არ მინდა სიკვდილი. 10 წლის წინ ინსულტი გადავიტანე, ჩემი აცრა არ შეიძლება“ - ამბობს 70 წლის თაგუი პეტროსიანი.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში, ხელისუფლების მხრიდან კოვიდ19-ის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ან არ ხდება ან ძალიან დაბალ ნიშნულზეა, ამბობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთში. სწორედ ამიტომ, აგვისტოს თვეში, 17-მა მედია და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ ინიციატივით, შესაბამის უწყებებს ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის სპეციალურ საიტზე www.booking.moh.gov.ge -ზე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური თემებისთვის, სომხური და აზერბაიჯანული ენების დამატების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა, რაზეც ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით ჯანდაცვის სამინისტროდან უარი მიიღო. მიზეზი ,,ამ ეტაპზე ტექნიკური თვალსაზრისით მეტის გაკეთება არ შეგვიძლია“ იყო. ასევე, სამინისტროში განაცხადეს, რომ არსებობენ ოჯახის ექიმები და სურვილის შემთხვევაში ისინი უმცირესობათა თემის წარმომადგენლებს რეგისტრაციაში დაეხმარებიან.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორი გიორგი ანდღულაძე მიიჩნევს, რომ დასახელებული მიზეზი არარეალურია, რადგან ,,მრავალეროვანი ვებგვერდის კარგი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტი, სადაც სასურველი ინფორმაციის მიღება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მათთვის გასაგებ ენებზე შეუძლიათ“.

მოქალაქეებისთვის ენობრივი ბარიერი ერთი საკითხია, თუმცა მესამე სექტორის აზრით, ცალკე საკითხია თუ რამდენად განსხვავდება ქალაქად და სოფლად, განსაკუთრებით კი უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირების დონე.

,,განსხვავებული სპეციფიკაა სოფელში, რადგან იქ მცხოვრები ადამიანები იძულებულნი არიან მიხედონ პირუტყვს, სოფლის მეურნეობის აუცილებელ სამუშაოებს, როს გამოც მათი იზოლაცია კიდევ უფრო რთულდება. რადგან სოფლის მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა არ იცის სახელმწიფო ენა, ინფორმაციას იღებენ არასანდო წყაროებიდან, ამას ემატება კიდევ ერთი ფაქტი - სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ თემს გარკვეული ბმა აქვს რუსეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან. ზოგს ქმარი, ზოგს კი შვილი ჰყავს იქ სამუშოდ წასული. სწორედ ამიტომ, იქ მყოფი ადამიანები ფიქრობენ, რომ რუსული ვაქცინაა საუკეთესო და აცრის შემთხვევაში, მხოლოდ რუსული წარმოების ვაქცინა უნდა გაიკეთონ. მათი აზრი კი საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრებისთვის ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია“ – ამბობს გიორგი ანდღულაძე.უფრო მეტიც, დემოკრატ მესხთა კავშირის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ენობრივი ბარიერის გამო, უმცირესობის თემის წარმომადგენლებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და მკურნალობას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

,,ამ ადამიანების ერთმა ნაწილმა ისიც კი არ იცის, რომ კოვიდ19-ის მკურნალობა და აცრა უფასოა. ამიტომ, მალავენ ავადმყოფობას და ისიც კი არ იციან, რომ ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდნენ. არის შემთხვევები, როცა გამხელის ეშინიათ, მარტო იმიტომ, ხარჯები დაზოგონ“.

აგვისტოს თვეში, კოვიდინფექციით საქართველოში, 1588 ადამიანი გარდაიცვალა.

წყალთბილა ახალციხიდან 15 კმ-ში, ხოლო ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აბათხევი, ნაოხრები, წინუბანი და ჯულღა წყალთბილის მეზობელი სოფლებია. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით 883 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობა წყალთბილაში კოვიდ19-თან საბრძოლველად საავადმყოფოს ითხოვს, მაგრა აცრას მაინც არავინ აპირებს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 42%-ს, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ამავე კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომ დაგჭირდეთ იცით თუ არა, როგორ დარეგისტრირდეთ აცრაზე, 56 % ამბობს, რომ არ იცის.

| Print |