სოფლის ამბები
როცა სოფელს გზა არ აქვს და ხელისუფლება რიტუალების სახლს არემონტებს - ჩამძვრალას ყოველდღიურობა
მიწური, ბანიანი სახლები, კარტოფილის შესანახად მოწყობილი სასაწყობე მეურნეობები, ამორტიზებული და მუდამ ტალახიანი შიდა გზები, მკაცრი კლიმატი, - ეს სოფელი ჩამძვრალაა, რომელიც ახალქალაქიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. აქ ჩივიან, რომ რთული საცხოვრებელი პირობების გამო, სოფელში ბავშვების რაოდენობა თანდათან მცირდება.

ჯავახეთში ისევ თოვლი და ზამთრის ყინვებია, საგაზაფხულო სამუშაოებამდე კი ჯერ დიდი დროა, ამიტომ სოფელ ჩამძვრალას ორღობეში ადამიანს იშვიათად შეხვდებით. ადგილობრივები გარეთ ძირითადად, საქონლის მოვლის დროს გამოდიან. ახალგაზრდებს სოფლის ცენტრში, მაღაზიაში და ეკლესიის ეზოში შეხვდებით. ეს ორი ადგილი ზამთრის ცივ დღეებში თავშეყრის ერთადერთი ადგილია.

„სოფელში ახალგაზრდებს საქმე არ აქვთ, ჩვენთან მარტო სოფლის მეურნეობაა. ვმუშაობთ, ვმუშაობთ და არაფერი გამოდის. სოფელში არაფერი გვაქვს, მარტო საშუალო სკოლა“, - გვითხრეს ჩამძვრალაში.

სოფლის განაპირას აჯინიანების ექვსსულიანი ოჯახი ცხოვრობს. სანამ მათ სახლთან მიხვალთ, ატალახებული, კილომეტრიანი გზა უნდა გაიაროთ. ოჯახში ორი მცირეწლოვანი და ერთი პენსიონერია. მოხუცი დედის პენსიაა ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი, თუმცა ხაჩიკ აჯინიანის თქმით, დედის პენსიაზე თანხის დამატება უწევს, რომ მისთვის ერთი თვის განმავლობაში სამყოფი წამლები შეიძინოს.

ოჯახი თავის რჩენას კარტოფილის მოყვანით და მისი რეალიზაციით ახერხებს, როგორც ამ სოფლის უმეტესობა. აჯინიანებს 7 ჰექტარზე 100 ტონა ბოსტნეული მოჰყავთ და სოფელშივე, გადამყიდველებზე ჰყიდიან.

„მოდიან დიდი მანქანებით და მიაქვთ, ეგ ფული ბანკში მიდის. გუშინ შევუკვეთე 25 კილო სასუქი, რომელიც აქამდე 24 ევრო ღირდა, დღეს მირეკავს (მაღაზიის მეპატრონე) და მეუბნება, რომ 28 ევრო გახდა. მკითხა, გინდა თუ არაო? რა თქმა უნდა, არ მინდა-მეთქი, ვუთხარი, გავაუქმე შეკვეთა“.

აჯინიანების საწყობში, გასული წლის მოსავლიდან, შვიდ ტონამდე სარეალიზაციო კარტოფილი დარჩა. ხაჩიკ აჯინიანი იმედოვნებს, რომ სოფელში კლიენტი მალე მივა და მასში აღებული თანხით საგაზაფხულო სამუშოებს დაიწყებს.

„ფული მარტო ბანკის კრედიტებში გვყოფნის, მუშებზე, სასუქზე, საწვავზე და ტექნიკაზე, და საბოლოოდ არაფერი გვრჩება“.

ეს ყველა ადგილობრივის პრობლემაა. კარტოფილის მოყვანა წლიდან წლამდე ძვირდება, თუმცა გლეხის მიერ მოწეული ბოსტნეულის ფასი თითქმის, უცვლელია. ჩამძვრალას მოსახლეობას კი ოჯახის რჩენის სხვა გზა არ აქვს. იმის გამო, რომ სოფლის მიმდებარედ საძოვრები არ არის, თითო ოჯახს მხოლოდ 2-3 ძროხის ყოლა შეუძლია. მოსახლეობას პირუტყვის გამოსაკვებად თივის ყიდვა მთელი წლის განმავლობაში უწევს.

„ძროხები გვყავს, მაგრამ ვერსად ვაბალახებთ, საძოვრები გაქირავებულია და ვერსად ვუშვებთ, ამიტომ ძალიან ცოტა ძროხა გვყავს. ნახევარ სოფელს ეგეც არ ჰყავს. რუსეთში მივდივართ სამუშაოდ, 2-3 ოჯახი სულ წავიდა აქედან, არ ვიცით დარჩებიან იქ თუ დაბრუნდებიან. მე არ ვაპირებ წასვლას“, - გვეუბნება ვაღინაკ პილოსიანი.

ჩამძვრალა ახალქალაქიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს. მთლიან მოსახლეობას ეთნიკურად სომეხი თემი წარმოადგენს. ჩამძვრალაში დაახლოებით, 140 ოჯახი ცხოვრობს. ყველა ერთხმად ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ამორტიზებული გზაა, რომელიც არაერთი დაპირების მიუხედავად, წლებია არ გაკეთებულა. არც სასმელი წყლის მხრივ არის კარგი მდგომარეობა, სოფლის ნაწილში წყალი არ მოდის. ჩამძვრალაში არც ტრანსპორტი დადის. ადგილობრივებს ახალქალაქში ჩასვლა ფეხით უწევთ. სოფელში არ არის საბავშვო ბაღი, ამიტომ სკოლამდელი ასაკის ბავშვები მეზობელ სოფელ ვაჩიანში დაჰყავთ. ახალქალაქში უწევთ სიარული მოსწავლეებს ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ.

ადგილობრივი მოსახლეობა გზის მოწესრიგებას წელს ელის. ამბობენ, რომ მათი მთავარი პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი ხელისუფლება სწორედ 2022 წლისთვის შეჰპირდა. ეს დაპირება ახალქალაქის მერიაში გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ თვითმმართველობა ინფრასტრუქტურის გამართვას არ აპირებს. მეტიც, ახალქალაქის მერმა არ იცის, როდის განხორციელდება პროექტი.

„წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით იგეგმება რიტუალების სახლის რეაბილიტაცია. ამის გარდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 000 ლარამდე გამოიყოფა, რომლითაც კლუბის სახურავი შეიცვლება. ამის მეტის საშუალება არ არის, რაც გვთხოვეს ხალხმა, პირველ რიგში ეგ არის. ისეთი სოფლები გვაქვს, რომ დაახლოებით, 20 კილომეტრი მოდიან, რომ ასფალტამდე მოვიდნენ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჯერ იქ გავაკეთოთ გზა, რომ თანასწორობა იყოს“, - გვითხრა მელქონ მაკარიანმა.

ჩამძვრალაში ადგილობრივების და თვითმმართველობის პრიორიტეტები ერთმანეთს არ ემთხვევა. მოსახლეობა გზაზე წუხს, მერი კი ამბობს, რომ სოფელმა რიტუალების სახლის რეაბილიტაცია ერთხმად გადაწყვიტა. თუ ახალქალაქის მერია პირველ რიგში, ცენტრიდან დაშორებული სოფლების გზის მოწყობას გეგმავს, ჩამძვრალას რიგი ჯერ ვერ დადგება, რადგან სოფელი ქალაქთან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.
| Print |