სოფლის ამბები
უმუშევრობა რუსეთში, გაძვირებული ცხოვრება საქართველოში - ხულგუმოში ომის შედეგებზე ჩივიან
ვაშლი კარტოფილის ფასად, გაცვლა კილო კილოზე - მსგავს ვითარებას ჯავახეთის თითქმის ყველა სოფელში შეხვდებით. ამჯერად შიდა ქართლიდან ახალქალაქის სოფელ ხულგუმოში მისული თეთრი სამარშრუტო ტაქსი სხვადასხვა სახეობის ვაშლისგან იცლება და სანაცვლოდ კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი და ყველი იკავებს მის ადგილს.
სოფლის შესასვლელთან მდგარ თეთრ ,,ფორდთან“ ხალხი გროვდება. თანხის გარეშე, მხოლოდ პროდუქციის გადაცვლით ოჯახში ხილის მიტანა რომ შეიძლება, ხულგუმოელებისთვის ,,დიდი შეღავათია“. გრიგორ მანუკიანი გაძვირებული ცხოვრების გამო შიშობს. გრიგორის მსგავსად ქვეყანასა და მსოფლიოში შექმნილი ვითარება ადარდებს ტერეზა ლაზარიანს.

,,შეიძლება საქართველოში ომი არ არის, მაგრამ მაინც მოქმედებს. ორმაგად გაძვირდა ყველაფერი, გაჭირდა ცხოვრება, ხალხმა აღარ იცის რა ქნას. სასუქის ფასი გაორმაგდა, კარტოფილის ფასი კი ისეთივეა, როგორიც შარშან იყო. ომის შემდეგ ბევრი ფიქრობს, რომ აღარ წავიდეს რუსეთში. ყველგან პრობლემაა, რუბლს ფასი აღარ აქვს და ფასი არც კარტოფილს გააჩნია“ - ამბობს 44 წლის გრიგორი.

,,გზა არ გვაქვს, წყალი ზოგს აქვს და ზოგს არა, საბავშვო მოედანი არ გვაქვს, ძალიან გაჭირდა ცხოვრება. ჩვენ კი გავიფორმეთ მიწები, მაგრამ უმრავლესობამ ჯერ კიდევ ვერ გაიფორმა, ძალიან ძვირია და იმიტომ. სასუქის ფასი გაორმაგდა. უკრაინაში ომმა კი საერთოდ შეცვლა ჩვენი ცხოვრება“ - ამბობს ტერეზა ლაზარიანი.

სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა, ოჯახს წლიდან წლამდე ემიგრაციაში, სეზონური მუშაობით, იგივე ,,ხოფანით“ არჩენდა. წელსაც, ტრადიციულად, თებერვლის ბოლოს რუსეთში წასვლას აპირებდნენ, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა მათი გეგმები შეცვალა. სერგეი ეფრიკიანი სოფელში რძლებსა და შვილიშვილებს უვლის. შვილები წლებია რუსეთში არიან და ოჯახს იქ მუშაობით არჩენენ.

,,რუსეთში იცით რა დროა, ხალხი უკვე აღარ მიდის, ძალიან ცოტა გადის ევროპაში, მხოლოდ ის ვინც მოახერხებს. ასე თუ ისე, ომი ჩემს ოჯახზე უკვე აისახა, ჩემი შვილები რუსეთში ცხოვრობენ. ცოტას მეხმარებოდნენ, ახლა ცხოვრება მათთვისაც გართულდა. დახმარება აღარ შეუძლიათ, სამუშაო აღარსადაა. მუშაობდნენ და ხელფასი ჯერ კიდევ არ აუღიათ. ჩემი ერთი ბიჭი დაბრუნდა აქ, სულ 4 ბიჭი მყავს, ერთი ჩემთანაა ახლა და 3 რუსეთში. ახლა ყველგან ჭირს“ - ამბობს სერგეი ეფრიკიანი.

ახალქალაქის სოფელ ხულგუმოში ცხოვრობს სამველ ზამბარიანიც. სამველი ოჯახს ექვსი წელია ,,ხოფანით“ არჩენს. დანარჩენების მსგავსად ისიც გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე მეზობელ ქვეყანაში მუშაობს, სახლში კი ქალებსა და მცირეწლოვან შვილებს ტოვებს.

,,ახალქალაქში 24 დეკემბერს ჩამოვედი, ექვსი წელი ვიმუშავე იქ. ფულს ვაგზავნიდი ოჯახი, რომ მერჩინა, კრედიტს ვიხდიდი. უკვე ომია და წასვლა შეუძლებელია. სამუშაო აღარ არის. ბევრი ხალხი მუშაობდა და ნორმალურადაც გამოიმუშავებდნენ, საწუწუნო არ გვაქვს. სოფელში რთული იქნება რა თქმა უნდა, რადგან კარტოფილის გარდა, აქ ახალქალაქში არაფერი მოდის. იქაც დაიკეტა რუსეთში ყველაფერი, სამუშაო არ არის“ - ამბობს სამველ ზამბარიანი.

,,ხოფანიდან“ მიღებული შემოსავლის გარდა, ახალქალაქის სოფელ ხულგუმოში სოფლის მეურნეობითაც ირჩენდნენ თავს. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გაძვირებული საწვავისა და გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ისიც არ იციან, შეძლებენ თუ არა მიწის ნაკვეთების სრულად დამუშავებას. სირაკ ლევონიანმა ბავშვი სკოლიდან გამოიყვანა, ჟურნალისტებთან საუბრის სურვილი არ აქვს, თუმცა მაინც ამბობს, რომ ,,ყველაფერი გორბაჩოვის ბრალია“.
,,ყველაფერი ძვირდება, სოფელს მარტო კარტოფილი აქვს და კარტოფილის ფასი რჩება იგივე. როგორ შეიძლება ცხოვრება? შაქარი ღირს 150 ლარი, კარტოფილი 80 თეთრი. რამდენი ფული უნდა გადავიხადოთ, რომ კარტოფილი მოვიყვანოთ, ასე თუ გაგრძელდა, ალბათ ვერავინ დათესავს. ეს სასუქი ღირს სადღაც 72-75 ლარი. ერთი ჰექტარი მაქვს, იჯარით ავიღე, კარტოფილი რომ დამეთესა, რით დავთესავ არ ვიცი. საბჭოთა კავშირი ახლაც უნდა იყოს. გორბაჩოვმა ყველაფერი დაანგრია და ჩვენ ახლა არაფრის გაკეთება აღარ შეგვიძლია“ - ამბობს სირაკ ლევონიანი.

სოფელი ხულგუმო ახალქალაქიდან ორ კილომეტრში, ზღვის დონიდან კი 1670 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. გაძვირებული პურ-პროდუქტები, გაუფასურებული რუბლი, უმუშევრობის გაზრდილი რიცხვი, უგზოობა, გაუფორმებელი მიწის ნაკვეთები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემების, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ.

,,ვის მივმართოთ, რომ გვქონდეს გზა და სამუშაო? ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. მოვიდნენ, ხალხი მოატყუეს, არჩევნებში ფულით გაიმარჯვეს და წავიდნენ. ჩვენზე არავინ ფიქრობს. ფიქრობენ, როგორც პუტინი. მოვიდნენ, არჩევნები ფულით მოიგეს და ხუთი წლით წავიდნენ“.

,,წელს შეგვპირდნენ მოასფალტებას, ყველგან ასფალტია და ჩვენთან ისევ არაა. ველოდებით და ვიმედოვნებთ. ყოველ წელს გვპირდებიან და არ აკეთებენ“.

სოფლის მოსახლეობის პრობლემებს კარგად იცნობენ ახალქალაქის მერიაში. ხულგუმოში წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა - საავტომობილო გზაა. ადგილობრივების მტკიცებით, გზის მოწესრიგების დაპირებას წინასაარჩევნოდ ყოველთვის იღებენ, თუმცა უშედეგოდ. ახალქალაქის მერის მოადგილის თემურ მჭედლიძე ამბობს, რომ ხულგუმოში, გზის მოასფალტება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია, მაგრამ არ იცის ეს წელს მოხერხდება თუ არა.

,,ჩვენ ხულგუმოს გზის მზა პროექტი გვაქვს, რომელიც 2 მლნ 167 760 ლარის ღირებულების არის. თანხას ველოდებით რეგფონდიდან. თუ თანხები გვექნება, ამ წელს გაკეთდება, თუ არადა მეორე წელს მრავალწლიანს გავაკეთებთ აუცილებლად. წელს, რომ გამოგვიჩნდეს, მაგას დავდებთ და მრავალწლიანი გახდება. ამ წელს პირველი ეტაპი გაკეთდება, მეორე წელს - მეორე. მაგრამ როგორც გითხარით, ჩვენ მზა პროექტი გვაქვს და დამატებით თანხებს ველოდებით "
- აცხადებს ახალქალაქის მერის მოადგილე თემურ მჭედლიძე.

სოფელი ხულგუმო, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დანარჩენი სოფლების მსგავსად, მაღალმთიან სოფლად მიიჩნევა. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, სოფელში 1004 ადამიანი ცხოვრობს.
| Print |