სოფლის ამბები
ანდრიაწმინდა - სოფელი 70 კომლით (ფოტორეპორტაჟი)
სოფელი ანდრიაწმინდა ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ურავლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 1320 მეტრზე მდებარეობს. ის სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი ძირძველი და გამორჩული ისტორიის მქონე სოფელია. მისი სახელწოდება პირდაპირ არის დაკავშირებული წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულთან, რადგან გადმოცემის თანახმად მას აქ ღამე გაუთენებია. მანამდე სოფელს სატალაო რქმევია. 

სოფელი, ისტორიულ წყაროებში პირველად XVI საუკუნეშია მოხსენიებული. 1948 წლამდე ანდრიაწმინდა ქისათიბის სასოფლო საბჭოში შედიოდა. 1948 წლიდან, სოფელ ქისათიბის გაუქმების შემდეგ კი სასოფლო საბჭოს ცენტრი გახდა.
სოფლის ტერიტორიაზე არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია შემორჩენილი. ერთ-ერთია მე-IV -V საუკუნის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია.

დარბაზული ეკლესია ნაგებია კარგად თლილი სხვადასხვა ტონალობის მოწითალო ან ჟანგისფერი ტუფითა და ქვიშაქვის კვადრებით. ეკლესიაში თავდაპირველად ორი შესასვლელი იყო, ერთი სამხრეთიდან და მეორე დასავლეთიდან, ეს უკანასკნელი მოგვიანებით ამოუშენებიათ. ტაძრის ფასადები მარტივია, რომელზეც ერთადერთი შემორჩენილი დეკორი დასავლეთის სარკმლის თავსართია. კვადრატული მოხაზულობის ტუფის ქვაზე ჩანეული ფონით მოჩარჩოება და ჯვარია გამოკვეთილი. სავარაუდოდ, მოპირკეთება საკურთხევლის სარკმელსაც ექნებოდა, მაგრამ დაკარგულია. სოფელი თავისი ბუნებითა და გეოგრაფიული მდებარეობით გამორჩეულია.  ანდრიაწმინდას ოთხივე მხრიდან მთები აკრავს, ერთ-ერთია "ელიას წმინდა მთა", როგორც მას მოსახლეობა უწოდებს. აქ სალოცავია შემორჩენილი, რომელსაც მოსახლეობა "ელიაობის" დღესასწაულზე სტუმრობს.  

სოფელში ძირითადად სამი გვარის შტოა. ესენია: ბერიძე, ტაბატაძე და ინასარიძე. 
2014 წლის მონაცემებით ანდრიაწმინდაში 295 მოსახლე ცხოვრობდა, თუმცა ადგილობრივების თქმით, მათი რიცხვი ამ დროისთვის კიდევ უფრო შემცირებულია.

ასევე ნახეთ:


| Print |