სოფლის ამბები
ხეოთი - ორ ხევს შორის მდებარე უძველესი სოფელი მესხეთში
ახალციხიდან 22 კილომეტრში, მდინარე ხეოთისწყლის ხეობაში ერთ-ერთი უძველესი მესხური სოფელი მდებარეობს. სიმწვანეში ჩაფლული ხეოთი, საინტერესოა ისტორიით, თქმულებებითა და კულტურული ძეგლებით.

სოფელი ორი მდინარის: „ბუზიყლაპიასა“ და „წმინდა წყალს“ შორის არის გაშენებული. სწორედ ორ ხევს შორის მდებარეობის გამო ეწოდა ხევეთი. პროფესორ ვალერი სილოგავას კვლევების მიხედვით, ტოპონიმ ხეოთის სიძველეზე მეტყველებს X-XI საუკუნის ეკლესიის ნანგრევებზე აღმოჩენილი წარწერა, სადაც ვინმე „ხეოითელი“ მოიხსენიება. აქედან გამომდინარე, ამ სოფლის ძველი სახელი ხეოითი ყოფილა.

სოფელში არსებული გადმოცემის მიხედვით კი ხეოთი ორი სიტყვისგან შედგება. ქართული „ხე“ და თურქული „ოთი“. სოფლის სახელის მნიშვნელობაც შემდეგნაირად იშიფრება: ხეებითა და თივით მდიდარი ადგილი.

სოფელმა ამჟამინდელი სახელწოდება თურქთა ბატონობის პერიოდში 1590 წლიდან შეიძინა. ხეოთი მოხსენიებულია გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარშიც, რომელიც ოსმალებმა 1595 წელს სამცხე-საათაბაგოს მიწების აღწერის მიზნით შექმნეს.

ხეოთი თავდაპირველად ძირძველი მესხებით დასახლებული სოფელი იყო, თუმცა თურქთა ბატონობის პერიოდში, მათმა ნაწილმა მუსლიმური რელიგია მიიღო. 1944 წელს გამაჰმადიანებული მესხების გაძევების შემდეგ, ხეოთი მთიულეთიდან ჩამოსახლებული ოჯახებით შეივსო. დღეისათვის იგი ძირძველი მესხებითა და მთიულებით დასახლებულ სოფელს წარმოადგენს.სოფლის მიმდებარე ტერიტორიები და შემოგარენი მდიდარია ისტორიული ძეგლებითა და კულტურული ფასეულობებით. გამორჩეულია სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესია და სამრეკლო. აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის ცნობით, იგი XV-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია.

ეკლესია ამჟამად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ სამრეკლო, რომელიც 1996 წელს აღუდგენიათ. ორსართულიანი ნაგებობის პირველი სართული სამლოცველოს წარმოადგენს, რომლის ქვეშაც ძვლების სამარხია. მეორე სართული, უშუალოდ სამრეკლოს ფუნქციას ასრულებს. მისი გუმბათი 11 სვეტს ეყრდნობა. ადგილობრივი თქმულების მიხედვით, ეკლესიის სამრეკლოს აგებას საინტერესო ისტორია უკავშირდება. ვახტანგიშვილების გვარის ერთ-ერთ პირველ წარმომადგენელს, ტატეს შვილი არ უჩნდებოდა. მისთვის ურჩევიათ, რომ ხეოთის ეკლესიისთვის სამრეკლო აეგო და ღმერთი შვილს მისცემდა. მართლაც, აიგო სამრეკლო და მოხდა სასწაული: ტატეს შვილი შეეძინა და თევდორე დაარქვა, რაც ღვთისგან ბოძებულს ნიშნავს. საუკუნეების შემდეგ, სამრეკლო სწორედ ვახტანგიშვილების შთამომავლის ვანო ვახტანგიშვილის თაოსნობით აღდგა.

 ვიდეო აღებულია "ფეისბუქიდან".

სოფლის დასავლეთით „ორცეფის ციხე“ მდებარეობს. ჩრდილოეთის საძირკველი და კედელი ღრმა, მიუვალი კლდოვანი თხემის თავზე დგას. ციხე-კოშკი თავისი მდებარეობით, თურქეთის მხრიდან მომავალ წინდა წყლის ხეობას აკონტროლებდა, საიდანაც მტერი შემოდიოდა-ხოლმე. ციხე სათვალთვალო-თავდაცვით მოვალეობას ასრულებდა. ძეგლი ამჟამად შელახულია.სოფლის სამხრეთით, მდინარე წმინდა წყლის ხეობა, მდიდარია ერთიანი საქართველოს დროინდელი ნამოსახლარებითა და ეკლესიებით. ეს მხარე ერთგვარ მუზეუმსა და ცოცხალ მატიანეს წარმოადგენს.2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელში 255 ადამიანი ცხოვრობდა, აქედან 132 კაცი და 23 ქალი.


მასალა მომზადებულია ადგილობრივი ნათია ზედგინიძის დახმარებით.
ასევე ნახეთ:

| Print |