საზოგადოება
მარტოხელა და-ძმის ცხოვრება სახურავგადახდილ სახლში
სოფელ ანდის შესასვლელში დანგრეული, სახურავგადახდილი ქვის სახლი დგას. ოროთახიანი შენობა წვიმის დროს იტბორება. ერთი შეხედვით სახლი მიტოვებულს ჰგავს, თუმცა ავარიულ სახლში მარტოხელა და-ძმა, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებით ცხოვრობს.

სიარული აღარ შემიძლია, ეზოს გარეთ ვერ გავსულვარ. მინდა ექიმთან ჩავიდე, გავესინჯო, მაგრამ მარშუტკაში ვერ ავალ“, - გვიყვება 71 წლის თამარ ინასარიძე, რომელიც დღის უმეტეს მონაკვეთს მწოლიარე მდგომარეობაში ატარებს. პენსიონერი ქალის ჯანმრთელობის პრობლემების ჩამონათვალი გრძელია. ფერმაში 28-წლიანი მუშაობა საქონლის სადგომში მომხდარი შემთხვევის გამო დაასრულა, როცა მწველავი წაიქცა, რქოსანმა პირუტყვმა კი თავში წიხლი ჩაარტყა. ამის გარდა, თამარს ფიბრომა აქვს. ოპერაციის გაკეთების მიუხედავად, მუცელი და ფეხები მაინც უსივდება.

ავადმყოფი ქალის ერთადერთი პატრონი, 67 წლის ძმაა. თამარი ანდაში, მამისეულ სახლში ქმრისა და შვილის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა.

სახლი თავზე მენგრევა, წვიმის დროს ჩემი ძმა ვედრებით ასხამს წყალს, საწყალს წელიც გაუშეშდა გუშინ. შენობა 7-8 წელია ამ მდგომარეობაშია. სოფელში ბიჭებს ვთხოვთ და გადახურვაზეც ვინმეს მოვიხმართ“,- გვიყვება თამარ ინასარიძე.

ჯანმრთელობის პრობლემები ზაურ ინასარიძესაც აწუხებს. ამის მიუხედავად, საოჯახო საქმეებს თავად უმკლავდება. ხანშიშესული და-ძმის მთავარი პრობლემა ავარიული საცხოვრებელია.

პენსიას ორივე ვიღებთ, საჭმელიც გვაქვს. არაფერს არ ვითხოვ გარდა „ლატებისა" რომ სახლი გადავხურო. უფლებას არ მაძლევენ ტყეში შევიდე და მასალა წამოვიღო“,- ამბობს ზაურ ინასარიძე.

ინასარიძეების საქონლის სადგომში ოთხი წელია თუნუქის ფურცელია დასაწყობებული, რომელიც შეჭირვებულ და-ძმას ახალციხის მერიამ ერთ ტონა ცემენტთან ერთად გადასცა. ჯანმრთელობის მდგომარეობა და „ლატების“ არქონა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ინასარიძეებმა სახლი ვერ გადახურეს.

გამგებელიც იყო მისული, ავუხსენი ოჯახს, რომ სატყეოდან ბილეთი უნდა აიღონ. ჩვენ ბენზინითაც დავეხმარებით, რომ ხე-მასალა გამოიტანონ. გარშემო ბიძაშვილები ცხოვრობენ და ვუთხარი დახმარებოდნენ საბუთის აღებაში“, - ამბობს მერის წარმომადგენელი ანდრიაწმინდის ერთეულში დავით ინასარიძე.

შეჭირვებულ და-ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. პატრონის გარეშე დარჩენილი ინასარიძეები იმ ადამიანის მოლოდინში არიან, ვინც ტყიდან სამასალე მერქნის გამოტანის უფლების მოპოვებაში დაეხმარება.

| Print |