ეკონომიკა
დაგეგმე ბიუჯეტი
პროექტის „დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“ ფარგლებში, ერთის ნაცვლად, ხუთი პროექტი დაფინანსდება. სამოქალაქო ინიციატივებისთვის ბიუჯეტი ხუთჯერ გაიზარდა და 50 000-ის ნაცვლად, 250 000 ლარი გახდა. ახალციხის მერიის ინფორმაციით, სამოქალაქო ინიციატივების დასაფინანსებლად, ბიუჯეტის გაზრდა მოქალაქეთა წახალისების მიზნით მოხდა.

„უამრავი ინიციატივა იყო, როგორც სოფლებიდან, ასევე ქალაქიდან და მოქალაქეთა ჩართულობის წასახალისებლად, ბიუჯეტის გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განმარტავს ახალციხის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების ხელმძღვანელი, ლევან მიქაბერიძე.

მისივე თქმით, გამარჯვებული პროექტებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, სამუშაობი 2020 წლისთვის გაიწერება და ახალციხის მერია განახორციელებს.

სამოქალაქო ინიციატივების ონლაინ პორტალზე, წინადადებების წარდგენის ვადა 20 აგვისტოს დასრულდება. რის შემდეგაც, საუკეთესო ინიციატივა ხმათა უმრავლესობით შეირჩევა.

მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროისათვის, მოქალაქეების მიერ წარდგენილი ინიციატივების გადარჩევა მიმდინარეობს. ვებ-გვერდზე სულ 122 ინიციატივაა შესული, ეტაპობრივად, გადარჩევის შედეგად, მათი რაოდენობა მცირდება.

ინიციატივების უმრავლესობა სოფლებში, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების და სასმელ-სანიაღვრე წყლების მოწყობას ითვალისწინებს.

მერიის ინფორმაციით, ხმის მიცემის ეტაპამდე ინიციატივები გადახარისხდება: „პროცესში სოფლის რწმუნებულები მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით ჩავრთეთ, სოფლებიდან ბევრი ინიციატივა გამოჩნდა, თუმცა გაიფილტრება, რადგან არის ისეთები, რომელსაც სოფლის მხარდაჭერის და სხვა პროგრამები ისედაც ითვალისწინებს“, - განმარტავს მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა მთავარი სპეციალისტი, ლევან მიქაბერიძე.

გამარჯვებულ იდეას, თავად მოქალაქეები ხმის მიცემის პროცედურით შეარჩევენ.

გასულ წელს, შესული 77 ინიციატივიდან ერთი, თამარ კაპანაძის გამწვანების პროექტმა 44 ხმით გაიმარჯვა. მისთვის 50 000 ლარი, 2019 წლის ბიუჯეტში იყო განსაზღვრული.

ინიციატივების მერიებისთვის ელექტრონულად წარდგენა ესტონური მოდელია, რომელიც ახალციხეში 2018 წლიდან დაინერგა. პროექტი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში USAID-ის, GGI–ისა და IDFI–ის მხარდაჭერით დაიწყო.
| Print |