მულტიმედია
როგორ მოვამზადოთ აპოხტის ხინკალი (ვიდეო)
აპოხტის ხინკალს მესხეთის სოფლებში აკეთებენ. გაშლილ ცომს პატარა ნაწილებად ჭრიან, შიგ დანაწევრებულ აპოხტს დებენ, (რომელიც წარმოადგენს დამარილებულ და გამომშრალ ხორცს, აპოხტი შეიძლება იყოს, როგორც ღორის, ასევე საქონლის ხორცისაგან დამზადებული) შემდეგ შეახვევენ და ხინკალიც მზად არის მოსახარშად. ხშირ შემთხვევაში მოხარშულ ხინკალს ცხიმში დამწვარ ხახვს ასხამენ. 

მასალა


ფქვილი 1კგ.

კვერცხი 1ც.

მარილი გემოვნებით.

შიგთავსი:

აპოხტი 1კგ.

ნიორი და შავი პილპილი გემოვნებით.


ცომის მომზადება:

წყალში ჩავყაროთ მარილი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და კარგად მოვზილოთ (ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი), ცომს ვყოფთ მომცრო გუნდებად, ვშლით ჩვეულებრივად ხინკლის ცომის სისქეზე და დანით ვჭრით ოთხკუთხედ ნაჭრებად, ისეთ ზომებად რომ პატარა, დაახლოებით პილმენების ხელა ხინკლები გამოვიდეს. ვდებთ აპოხტის რამდენიმე პატარა ნაჭერს და ვახვევთ, ისე რომ ღია დარჩეს პატარა ,,პირი''. მომზადებული ხინკლები მოვხარშოთ მარილიან წყალში. მოხარშული ხინკლები ამოვაწყოთ სასურველ ჭურჭელზე, მოხარშულს ზემოდან მოვასხათ კარაქში ან ერბოში მომწვარი ხახვი. (ამ ხინკალთან აუცილებლად მიაქვთ სუფრაზე ნიორწყალი, შავი პილპილი და კარგი არაყი).

შიგთავსის მომზადება:

აპოხტი არის დამარილებული და გამომშრალი ხორცი, რომელსაც მესხეთის სოფლებში თითქმის ყველა ოჯახი ამზადებს ზამთარში. აპოხტი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად (დაახლოებით ქიშმიშის ზომებად), მოვაყაროთ დანაყილი ნიორი, შავი პილპილი და კარგად ავურიოთ.

დამარილებულ ხორცს ხის გობში ინახავენ. ერთკვირიანი შენახვის შემდეგ ხორცი ირეცხება. ზამთრის განმავლობაში კი აშრობენ. გამომშრალი და დამარილებული ხორცი, მეომრებს ომში მიჰქონდათ.
| Print |