საზოგადოება
ახალციხელი კონსტრუქტორების ოცნების მანქანები (ვიდეო)
15 წელი, გაყიდული ჭაღი და 20 000 ლარი საოცნებო ავტომობილისთვის. ახალციხელი ოთარ ვენგრჟანოვიჩი ისეთ მანქანას, რომელიც ბავშვობიდან უნდოდა ჰქონოდა, საკუთარი ხელით აწყობს.

ოთარი ავტომობილებით ბავშვობიდან დაინტერესდა. მანქანაზე მუშაობა პირველად შეკეთებით დაიწყო. ორი დაუსრულებელი მცდელობის შემდეგ, უკვე ოცნების რეალობად ქცევა გადაწყვიტა. სასურველი ავტომობილი მისი ხასიათის შესაბამისი - ჩქარი და მსუბუქი უნდა ყოფილიყო. აწყობის პროცესში კი მიხვდა, რომ ოცნების განხორციელება გათვალისწინებულზე ძვირი ჯდებოდა. ამიტომაც, ერთხელ, როცა საჭირო ნაწილის შესაძენად თანხა დააკლდა, სახლიდან ჭაღი გაყიდა.

„ეს არის შენი შექმნილი და წარმოიდგინე როგორი სიყვარული გაქვს. რომ არ ყოფილიყო ასეთი სიყვარული, ეს მანქანა არ გაკეთდებოდა. ჩემი ოცნების მანქანას, მას მხოლოდ განსაკუთრებული დღეებისთვის ვიყენებ“, - ამბობს ოთარი.

საოცნებო მანქანისთვის საბოლოო სახის მისაცემად, სასურველ ფერებში შეღებვა და სატესტო ნომრების აღება დარჩა. შემდეგ ახალი ეტაპი იწყება - სპორტული მანქანა დამატებით სხვადასხვა აქსესუარს საჭიროებს.

ოთარ ვენგრჟანოვიჩი თავის დისშვილთან ერთად მუშაობს. ოცნების მანქანასთან ერთად ,,ბაგს“, კვადროციკლისმაგვარ ტრანსპორტსაც აწყობს. „ბაგით“ გრუნტიან გზებზე და ტყეში ივლის. ბიძა-დისშვილს ამ ტრანსპორტთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვთ.

„პროექტი ორი წლის წინ დავიწყე. ახალციხეში ბაიკერების მოტო კლუბია და მათ წევრებთან ვმეგობრობ. მოტოციკლეტი მეც მქონდა და შეიძლება ითქვას, მას მეორე სიცოცხლე ვაჩუქე, როცა გადავწყვიტე ტრაიციკლის აწყობა“.

წლებია მანქანებს აწყობს ახალციხელი გურამ სუდაძეც. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მექანიზაციის ფაკულტეტზე მიღებული ცოდნა ამ საქმეში გამოიყენა, თუმცა ამბობს, რომ ტრაიციკლის და მსგავსი მექანიზმის შესაქმნელად სულ სხვა გამოცდილებაა საჭირო.

ტრაიციკლის კონსტრუქტორმა, რომელსაც დიზაინის შექნაში სრულიად უანგაროდ, ახალციხელი დიზაინერი, იმედა აფციაური დაეხმარა, კიდევ ორი ტრანსპორტი ააწყო. ერთი „ბაგია“, მეორე კი გადაკეთებული ამერიკული ჰოთროდი, რომელიც 2013 წელს არის გამოშვებული.

პატარა ბიჭი იყო, როცა მანქანის ამწყობ უფროსებს სტუმრობდა. ეხმარებოდა და თან სწავლობდა. ამასობაში საქმეც შეუყვარდა და სწორედ მაშინ გაუჩნდა სურვილი - ჰყოლოდა ესკლუზიური, საკუთარი ხელით აწყობილი მანქანა.

ტრაიციკლს „წიქარა“ დაარქვა, ქართული ზღაპრის გმირის საპატივსაცემოდ. მართალია, წიქარა სპორტული მანქანა არ არის, მაგრამ ამაყია, რომ ახალციხეს თავისი ,,ხარი“ ჰყავს.

„შენი ხელით აწყობილი მანქანა სულ სხვა რამეა. ეს იმისთვის არის, რომ კვირაში ერთხელ მაინც გაისეირნო მეგობრებთან ერთად. როცა გზაზე გადი - გამოდიხარ ყველა გიყურებს, გამჩნევს და საკმაოდ პოზიტიური ენერგია მოდის“.

თუ მანქანების გამომგონებლები თანაქალაქელებისგან პოზიტიურ ენერგიას იღებენ, ახალციხელები მათით ამაყობენ და ყვებიან, რომ „მესხეთში არა მარტო განათლებული ადამიანები, არამედ ავტომობილების გამომგონებლებიც ცხოვრობენ“.

29 იანვარი ავტომობილების გამომგონებლების დღეა.
| Print |