საზოგადოება
პანდემიის დროს შექმნილი საოცნებო ეზო ახალციხეში

 

კორონავიუსის პანდემიის გამო, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდი, ადამიანების ნაწილმა ჭკვიანურად გამოიყენა. მათ ეს დრო იმ ოცნებების ახდენას მიუძღვნეს, რისთვისაც მანამდე გადატვირთული რეჟიმის გამო, დროს ვერ პოულობდნენ.

ლონდარიძეების ოჯახმა, ახალციხეში, კარანტინის დროს საკუთარი ეზო რადიკალურად შეცვალა. პირველ რიგში დაგეგმეს, სად რა მცენარე, ქვა თუ ხის მასალა გამოადგებოდათ და საოცნებო ეზოს მოწყობა ამის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყეს. ქვებს შორის მოწესრიგებულად განლაგებულმა სხვადასხვა ხე-მცენარემ და ყვავილმა უკვე გაიხარა.
ავთანდილ ლონდარიძე პროფესიით მხატვარია. საკუთარი ეზო, ძირითადად, ქვისა და ხის კომბინაციით გააწყო. პატარა ფართობი გამოყოფილი აქვს მცენარეთა ახალი ჯიშების გასამრავლებლად. სახლის უკანა ეზოში კი მთლიანად ხეხილია გაშენებული. ტერიტორიის ერთი ნაწილი ქვებით არის დაფარული. უზარმაზარ ქვებზევეა ადგილი მცენარეებისთვის.
ლონდარიძეების ოჯახს საქმე გადანაწილებული აქვს. მცენარეებზე ავთანდილის მეუღლე – ნანა ზრუნავს, ბაღის საქმებს კი თავად ავთანდილი განაგებს.

„ჰოროსკოპით ვერძი ვარ და ეზოში შემოსვლისას შუა ბაღში რომ დადგები, ქვებით გაკეთებულ ვერძის თავს დაინახავ. ბაღი უკვე ქვებშია ჩასმული, თანაც ყვავილები და ხე-ბუჩქებიც მოვამრავლე, მაგრამ სილუეტის გარჩევა მაინც შესაძლებელია. ჩემი ზოდიაქოს ხე ნეკერჩხალი ყოფილა და ამიტომაც დავრგე იაპონური წითელი და ქართული მწვანე ნეკერჩხალი. ყველაზე მეტად ჩემს ბაღში სწორედ ნეკერჩხალი მიყვარს“- ამბობს ავთანდილ ლონდარიძე.
ეზოს სხვადასხვა სახეობის გამორჩეული მცენარეები ამშვენებს, მათ შორისაა სუკულენტის ერთ-ერთი სახეობა – სედუმი. ასევე მრავლადაა ბამბუკის სხვადასხვა ჯიში. ლონდარიძეების ეზოში ტრადიციული წვრილღეროვანი ბამბუკი – ნეირეც ხარობს.

„ქვები რომლებსაც დეკორაციისთვის ვიყინებ ამბროლაურიდან წამოვიღე,ზოგს- წებო–ცემენტით ვაწებებ. ყვითელი ქვები კი ნიჩბისიდან ჩამოვიტანე.
ხშირად მდინარის პირას ვეძებ ლამაზ ფესვებსა და ტოტებს რომ სხვადასხვანაირი კომპოზიცია გავაკეთო. ჩემ ბაღს ძალიან უხდება. მომავალში სულ ყვავილები მექნება. წინ კიდევ ბევრი სამუშაო მაქვს და ამ ყველაფერის გაკეთებას ნელ-ნელა ვაპირებ“.

მათ ეზოს ახალი მცენარები და ყვავილები თითქმის ყოველდღიურად ემატება. ეტაპობრივად მიმდინარეობს ტერიტორიის ხის მასალებითა და ქვებით მოწყობა.

„ეს ყველაფერი, რომ გავაკეთეთ კორონავირუსის დამსახურებაა, დიდი ხანია გვინდა ბაღის ასე გაკეთება, თუმცა თავისუფალი დრო არ გვქონდა“ - ამბობს ნანა ჩიტაძე.
ნანას თქმით, მათი ეზოთი არაერთი ადამიანი ინტერესდება. მის სანახავად მისული ადამიანები გაოცებას ვერ მალავენ.
ლონდარიძეების ოჯახი ეზოს კიდევ უფრო გალამაზებას გეგავს. ფიქრობენ, რომ ახლი მცენარეები დაამატონ და ქვაზე სხვადასხვა საინტერესო ნაკეთობა შექმნან.

მომავალ წელს ბაღის მთლიანი ნაწილი უნიკალური მცენარეებით დაიფარება. გარდა ამისა, ეზოს უკვე კედლის მხატვრობაც დაამშვენებს.
| Print |