სოფლის ამბები
„სახლში ხუთი უმუშევარი დავრჩით, მარტო ჩემი პენსია ვის ეყოფა?“ - სოფელ ეშტიის მკვიდრი
ეშტიის თემი სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. თემის შემადგენლობაში სოფლები: ეშტია, თორია, უჯმანა და ყაურმა შედის. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ეშტიის თემში 2 739 პირი ცხოვრობს, აქედან სოფელ ეშტიაში - 1 691.

უმუშევრობა - ეს არის სოფელ ეშტიის უმთავრესი პრობლემა, რომელსაც მოსახლეობა ერთხმად ასახელებს. ადგილობრივები ოჯახს რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებით არჩენდნენ. კორონავირუსის პანდემიისა და საზღვრების ჩაკეტვის გამო, სოფლის მოსახლეობა ძირითადი შემოსავლის გარეშე დარჩა.

„ხუთი კაცი სახლში მშივრები ვზივართ, არც სამუშაოა და არც არაფერი. მე მართალია პენსიას ვიღებ, მაგრამ ერთი პენსია ხუთს ჰყოფნის? ისედაც ყველაფერი გაძვირებულია“ - აღნიშნავს სოფელ ეშტიის მკვიდრი აღას სიმონიანი.
ეშტიის მაცხოვრებლების თქმით, მეზობელ სახელმწიფოში, სეზონურ სამუშაოებზე თითქმის ყველა ოჯახიდან მიდიოდნენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსახლეობა ადრე მასშტაბური მესაქონლეობითა და მიწათმოქმედებით იყო დაკავებული. ახლა კი ორი ძროხის შენახვას ძლივს ახერხებს.

„ერთი ძროხა 800 ლარად გავყიდე. ამ ფულს 100 ლარი უნდა დავამატო და თივა ვიყიდო, რომ დარჩენილი მეორე ძროხა შევინახო. ამ გზით მაინც ვარჩინო შვილები“ - ამბობს სოფელ ეშტიის მკვიდრი გოჰარიკ აბრაჰამიანი.
ჯავახეთში მალე დაზამთრდება. მოსახლეობა წუხს, რადგან ხანგრძლივი თოვლიანი სეზონისთვის ჯერ თივა არ შეუძენიათ. ადგილობრივი საიათ ასტოიანი ამბობს, რომ თივის ერთი პრესი უკვე 10 ლარი ღირს.

ადგილობრივების კიდევ ერთი მთვარი პრობლემა საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასებია. ამბობენ, რომ პანდემიის პარალელურად, საარსებო პირობები გართულდა, რადგან ეპიდვითარებამ გავლენა იქონია, როგორც პროდუქტების რეალიზაციაზე, ასევე სასოფლო–სამეურნეო კულტურებისა მოვლა– შენახვაზე.
უმუშევრობისა და პროდუქტების სიძვირის გარდა, ადგილობრივები სასმელი წყლის პრობლემაზეც ჩივიან. ამბობენ, რომ წყალი მხოლოდ სატუმბი სისტემის საშუალებით მოდის.

სოფელ ეშტიაში 98% სომხურენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. სხვა სომხური სოფლების მსგავსად, ქართული ენის არცოდნა აქაც პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, ისინი ძირითადად, სომხურ და რუსულ არხებს უყურებენ.

„ენის არცოდნის გამო, ინტერნეტით, მხოლოდ სომხურ და რუსულ არხებს ვუყურებ. ტელევიზორიც არ მაქვს, რომ ქართულენოვანი არხი მქონდეს“ -ამბობს გოჰარიკ აბრაჰამიანი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიისა და ეშტიის რწმუნებული ეგორ ქტოიანი „მეცხრე არხთან“ აღნიშნავს, რომ უმუშევრობა მხოლოდ სოფელ ეშტიის პრობლემა არ არის.

„ყველგან უმუშევრობაა. ვისაც სოფლის საქმე არ ეზარება დათესოს, მოსავალი გაყიდოს და თავი ამით ირჩინოს“ - აცხადებს რწმუნებული.

მისივე თქმით, პანდემია გლობალური ხასიათისაა. პრობლემა მარტო ჯავახეთის მოსახლეობასა და საქართველოს კი არ შეუქმნა, არამედ მთელ მსოფლიოს.
თემის რწმუნებული ამბობს, რომ ნინოწმინდის სოფლებთან დაკავშირებით, ბევრი იდეა და პროექტი არსებობდა, რომელთა შესრულებას ხელი პანდემიამ შეუშალა.
სოფლის რწმუნებულის მტკიცებით, სკოლაში ქართული ენის სწავლება პრობლემას არ წარმოადგენს და პირიქით - გაძლიერებულია. 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს სახელმწიფო ენაზე საუბარი თავისუფლად შეუძლიათ.

„რაც შეეხება 40 წელს გადაცილებულ პირებს, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ქართული ენა ისწავლონ და საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები გახდნენ“ - ამბობს ეგორ ქტოიანი.

ეშტიის თემში მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია. 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, მარტო სოფელ ეშტიაში 3 082 ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წლის ამავე აღწერის თანახმად კი რაოდენობა განახევრებულია. როგორც სოფელში ამბობენ, ამის მიზეზი მიგრაციაა.



მოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |