პარიზში განხორციელებული ტერაქტებიდან ერთი კვირა გავიდა, თუმცა მოქალაქეები ქუჩაში მოძრაობას მაინც ერიდებიან. ახალციხელი გურამ გელაშვილი, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, 3 თვეა სწავლობს, ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტები გააფრთხილა, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან. გელაშვილის თქმით, ხალხმრავალ ადგილებსა და სადგურებში ყველა მგზავრს ჩხრეკენ. კონტროლი გამკაცრებულია უნივერსიტეტშიც.
ტერორიზმის გლობალური საფრთხიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ზომები საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო გამკაცრდა. ქვეყნის პირველი პირები ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურები სიტუაციას აკონტროლებენ და ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებული რისკი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბრისთვის მოიწვია. ქვეყნის უსაფრთხოებაზე უკვე იმსჯელა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომაც.
საქართველო არ წარმოადგენს „ისლამური სახელმწიფოს“ მნიშვნელოვან ტერორისტულ სამიზნეს – ამბობს ექსპერტთა ნაწილი. მათი მოსაზრებით, ექსტრემისტების ინტერესშია, რომ განხორციელებული ტერორისტული აქტები რეზონანსული იყოს რათა მსოფლიოს აჩვენონ, რომ მათ წინაშე უძლიერესი სახელმწიფოებიც კი უძლურნი არიან. ამ თვალსაზრისით, საქართველო მათ ინტერესში ვერ ექცევა. ექსპერტთა ამ ნაწილს არ ეთანხმებიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები. გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ ნებისმიერი ქრისტიანული სახელმწიფო, ტერორისტების პოტენციური სამიზნეა.
სამოქალაქო სექტორის ნაწილი ამბობს, რომ შესაძლოა, საქართველოს მიმართ ტერორისტების მუქარა საფუძვლიანი იყოს. ედუარდ აივაზიანი არ გამორიცხავს, რომ ჩვენი ქვეყანა ექსტრემისული დაჯგუფებების სამიზნე გაახდეს. არის საჭიშროება, რომ საქართველო ტერორისტების ტრანზიტად იქცეს – ეჭვობს აივაზიანი.
ექსტრემისტების გაერთიანება საქართველოს უკვე რამდენჯერმე დაემუქრა. სარწმუნოებას ამოფარებული პირები ქვეყანას სხვადასხვა მოთხოვნას უყენებენ. ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ტერორისტები მსგავსი ინცინდენტებით ცდილობენ მსოფლიოს მათი ძალა დაანახონ. „ისლამური სახელმწიფო” აცხადებს, რომ ტერაქტები, ერთი კვირის წინ პარიზში, მისმა წევრებმა მოაწყეს. 13 ნოემბრის მოვლენების შედეგად, 129 ადამიანი დაიღუპა, 350-ზე მეტი კი დაიჭრა.
|