ახალციხეში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ადგილობრივი ჟურნალისტებიც აფასებენ. ისინი კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ და შიშობენ, რომ თავისუფალ სიტყვას საქართველოში საფრთხე ექმნება.
ტელეკომპანია რუსთავი ორის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და 5 ნოემბერს, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ახალციხელი ჟურნალისტებიც საუბრობენ. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მედიას თავისუფალი მუშაობის უფლება უნდა მიეცეს. მაია იველაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, როგორც მაუწყებლის, ისე სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობას.
„ნაკლებად მაქვს განცდა, რომ ეს არის ბრძოლა მეწილეებს შორის. რუსთავი ორის ირგვლივ მიმდინარე პროცესები სხვა კითხვებს ბადებს“-აცხადებს „ექოსთან“ საუბრისას საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქტორი. ნინო ნარიმანიშვილი შიშობს, რომ ტენდენცია შესაძლოა გაგრძელდეს და რუსთავი ორის ბედი სხვა მედიასაშუალებებმაც გაიზიარონ.
ტელეკომპანია რუსთავი ორის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ეხმაურება. „ეს არის საქართველოში პირველი შემთხვევა, როდესაც ერთმა კონკრეტულმა მოსამართლემ გაბედა და შეიჭრა მედიის ფუნქციებში, რაც უკვე საფრთხის შემცველია“-აცხადებს ნათია კუპრაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით, რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომპანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. განჩნების თანახმად, უფლებამოსილების განხორიცელების უფლება უნდა მიენიჭოს მხოლოდ დროებით მმართველს და ყველა სხვა პირს შეუჩერდეს სასამართლოს მიერ დროებითი მმართველის დანიშვნიდან მის გაუქმებამდე.
|