ახლადაშენებული სკვერები სკამების გარეშე, ახალციხის ცენტრალური პარკი კი დაზიანებული ინფრასტრუქტურით – ამ დროისათვის ქალაქში სკვერების ნაწილი შესაბამისი სამსახურებისგან ყურადღებას საჭიროებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პრობლემა მალე მოგვარდება, თუმცა ქალაქის მაცხოვრებლებს დაპირების აღარ სჯერათ.
დაზიანებული მწვანე საფარი, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და მოშლილი ინფრასტრუქტურა – ასე გამოიყურება დღეს ახალციხის ცენტრალური პარკი. ნაგვის ურნებისა და სკამების სიმცირე კი გარკვეულ დისკომფორტსა და არაჰიგიენურ სიტუაციას ქმნის. გარდა ამისა ტერიტორიაზე უკვე ერთ წელზე მეტია სასმელი წყალი არ მოდის, აქ დამონტაჟებული მწყობრიდან გამოსული ატრაქციონები კი გასართობად მისულ პატარებს საფრთხეს უქმნის.
ცხრა აპრილის ქუჩაზე კი სკვერის მშენებლობა უკვე თვეებია დასრულდა, თუმცა ტერიტორიაზე სკამები და სხვა ინვენტარი ამდრომდე არ განუთავსებიათ. პარკის მშენებლობასთან ერთად აქ წყალგაყვანილობაც დაამონტაჟეს თუმცა, ადგილობრივების თქმით, ონკანზე წყალი არასოდეს მოსულა. ცხრა აპრილის ქუჩის მაცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ მომავალ წელს არჩევნები მოდის და სკვერში სკამების დადგმაზეც იზრუნებენ.
ახალციხის მერი ირწმუნება, რომ უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანია სკვერებისთვის სკამებსა და ნაგვის ურნებს შეიძენს. გიორგი კოპაძის თქმით, ინვენტარის გარდა, ახალციხის ცენტრალურ პარკში ხეების დარგვაც იგეგმება.
ქალაქის მერის თქმით, ახალციხეში სკვერების კეთილმოსაწყობად 32 ათასი ლარია გამოყოფილი, მერია 62 ნაგვის ურნასა და 48 სკამს შეიძენს. ახალციხეში სულ ათამდე სკვერია. ბოლო პერიოდში აშენდა და მოეწყო ახალი სკვერი ავტოსადგურზეც, რისთვისაც, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი დაიხარჯა, ამ თანხაში შევიდა სადგურზე ბორდიურების, მოსაცდელისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის რეაბილიტაციაც.
|