მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია დასრულდა. დამწყებ მეწარმეებს ორგანიზატორებისთვის ბიზნეს იდეების წარდგენა 15 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით შეეძლოთ. აღნიშნული პროექტი სახელმწიფო პროგრამის – ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგიონის მასშტაბით 793 პირი დარეგისტრირდა.
სოფელ უდის მკვიდრი გელა ჭაღიაშვილი ქვის ხელოსანია. იგი თავის პარტნიორთან ერთად ეკლესიების, მარნების, ბუხრების, სასაფლაოებისა და ეზოების ქვით მოპირკეთებაზე მუშაობს. იმისათვის, რომ სამშენებლო მასალა თავადვე დაამზადოს, საამქროს აშენება და შეიარაღებაა საჭირო. გელა ჭაღიაშვილი ამბობს, რომ საკუთარი სახსრებით ქვის საჭრელი დანადგარი უკვე შეიძინა, თუმცა იმისათვის, რომ საამქრო ააშენოს და ყველა ხელსაწყოთი უზრუნველყოს 5 000 ლარია საჭირო. ამიტომ იგი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირდა.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დასრულდა. საკუთარი ბიზნესიდეით მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით სულ 793 ადამიანმა მიიღო, პროგრამის ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ განაცხადების განხილვის შემდეგ გრანტით 600 მათგანი დაფინანსდება. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტისათვის ახალი ბენეფიციარების დაერეგისტრირება შემოდგომიდან დაიწყება.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტს ახალციხეში ეკონომისტები და ბიზნესმენები აფასებენ. ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროექტი ძირითადად სოფლის მეურნეობაზეა მორგებული და სახელმწიფოსგან გრანტების გაცემა, ბევრ დამწყებ ბიზნესმენს წაახალისებს. თუმცა ნუგზარ თათეშვილი რეეგიონში პროექტში მონაწილეობის მსურველების სიმცირეს უჩივის. სახელმწიფოს ინიციატივას იწონებს ბიზნესცენტრის ხელმძღვანელიც.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის რეგისტრაცია 15 მარტიდან დაიწყო, მას ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პარტნიორობას რეგიონული განვითარების ასოციოაცია უწევს. პროგრამის დაწყებიდან პირველი ოთხი თვის განმავლობაში პოტენციური ბენეფიციარების შერჩევა მოხდება, შემდეგ კი ისინი ტრენინგებისა და სემინარების მეშვეობით გადამზადდებიან და კონკრეტული ბიზნესგეგმის მიხედვით დაფინასდებიან.
|