ქვეყანაში მეშვიდე მინისტრის გადადგომასა და მთვრობის თავდაპირველ შემადგენლობაში ცვლილებას, ახალციხეში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აფასებენ. ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ მთვრობის გადადგომის პროცესი გარდაუვალი იყო, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ყველა ცვლილება კონსტიტუციურად განხორციელდება. მიმდინარე პროცესები და პოლიტიკური შეფასებები.
,,მთავრობაში არავითარი კირიზისი არ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესები“–ასე აფასებს ,,ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე მთავრობაში მიმდინარე მოვლენებს. გიორგი კოპაძის თქმით, მინისტრის გადადგომა და ახალი მთვრობის დამტკიცება ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევს და ყველანაირი პროცესი კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით წარიმართება. იგი ფიქრობს, რომ პრემიერ–მინისტრი საკუთრ პოსტს შეინარჩუნებს და ახალი მთავრობა საქმეს უფრო ეფექტურად გაუძღვება.
გიორგი კოპაძისგან განსხვავებული აზრი აქვს მის ოპონენტს ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან.“ პარტიის სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი, ჯიმშერ გოგოლაური ამბობს, რომ მმართველმა ძალამ საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და მთვრობის გადადგომა გარდაუვალი იყო. გოგოლაური პრობლემას მინისტრთა არაკომპეტენტურობაში ხედავას და მიიჩნევს, რომ მმართველი ძალის მოსვლის შემდეგ წამყვან თანამდებობებზე არაპროფესიონალი კადრები დაინიშნენ, რამაც საბოლოოდ ქვეყანა აღნიშნულ შედეგამდე მიიყვანა.
,,მმართველ პარტიას მთავრობა ხელებში დაეშალა“– ასე აფასებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მაკა სუდაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. იგი მიიჩნევს, რომ შვიდი მინისტრის გადადგომა, რასაც თან ავტომატურად მთავრობის შეცვლა სდევს, დღვანდელი ხელისუფლების პოლიტიკის ლოგიკური დასასრულია და პროცესი აუცილებლად უნდა მომხდარიყო. სუდაძე აქვე აღნიშნავს, რომ ახალი მთავრობა უახლოეს მომავალში უნდა დამტკიცდეს, რადგან პროცესის გაჭიანურებამ შესაძლოა, გავლენა რეგიონების განვითარებაზეც მოახდინოს.
მმართველი ძალის არაეფექტურობის შესახებ საუბრობს „თავისუფალი დემოკრატების“ რეგიონული კოორდინატორიც. შალვა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესი გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყნის ეფექტური მართვა მოხდეს, ახალმა მთავრობამ ყურადღება ანტიკრიზისულ და ენერგოუსაფრთხოების გეგმებზე უნდა გაამახვილოს.
ქვეყანაში ახალი მთავრობის დანიშვნის აუცილებლობა დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის გადადგომის შემდეგ გახდა. რამაც ავტომატურად პრემიერ–მინისტრის მთავრობის ნდობის საკითხი დააყენა და თავდაპირველი შემადგენლობა დაშალა. მთავრობის ახალ შემადგენლობას კი ნდობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს.