ორი სხვადასხვა სარწმუნოებისა და სხვადასხვა კუთხის შვილების ურთიერთობები მესხურ მიწაზე. მართმადიდებლებისა და მუსლიმების მეზობლობა და ადამიანური დამოკიდებულება – როგორ გრძელდება სხვასახვა სარწმუნოების მქონე თანასოფლელების ურთიერთობა მოხესა და ჭელაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ? არის თუ არა ზარზმა მისაბაძი სოფელი და რატომ თვლიან ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები, რომ მათ მხარეში რელიგიური კუთხით დაპირისპირება ხელოვნურადაა გამოწვეული? – რეპორტაჟი სოფელ ზარზმიდან.
ეს ორი ქალბატონი სოფელ ზარზმაში ცხოვრობს. ისინი კარის მეზობლები არიან. ამიტომ, ერთმანეთს ყოველდღიურად ხვდებიან და სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხს ერთად განიხილავენ, გამოსავალსაც ერთად ეძებენ და ერთამენთს დახმარების ხელსაც უწვდიან. ერთადერთი რამ, რაც მათ განასხვებს, აღმსარებლობაა. მაია საგინაძე რაჭველი მართლმადიდებელია, ხოლო ფატმან ღორჯომელაზე აჭარელი მუსლიმი. თუმცა, ეს მათ ურთიერთობას ხელს არ უშლის. მაია საგინაძის მსგავსად, ღორჯომელაძეების ოჯახს სხვა მეზობლებიც ხშირად სტუმრობენ. დიასახლისის მიერ სახელდახელოდ გაშლის სუფრას უსხდებიან და სადღეგრძელოებსაც ამბობენ. პირველი ჭიქა კი ტრადიციულად მშვიდობის ისმევა.
ერთ სუფრის ირგვლივ შეკრებილი, სხვადასხვა აღმსარებლობის მეზობლები სოფელში არსებულ ურთიერთობებზე საუბრობენ. მათი თქმით ზარზმაში რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით უთანხოება არასოდეს ყოფილა. მეზობლები ჭელისა და მოხის ამბებსაც იხსენებნ და ამბობენ, რომ არეულობა მხოლოდ ერთეულებს აწყობთ.
ზარზმაში მცხოვრებმა მუსლიმებმა საქართველოს ისტორიაც კარგად იციან. აჭარელი ეკომიგრანტები საკუთარ თავს წმინდა სისხლის ქართველებს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათ თავიანთი სამშობლო ისევე ძლიერად უყვართ, როგორც სხვა დანარჩენებს.
სოფელ ზარზამში ორივე აღმსარებლობის ადამიანებს საკუთარი სალოცავი აქვთ. ქრისტიანები ზარზმის მონასტერში ლოცულობენ, ხოლო მუსლიმები თავიანთი ხელით აშენებულ მეჩეთში. ზარზმის მონასტერში საკვირაო სკოლაც არსებობს, სადაც სასულიერო პირები, სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს მათემატიკაში ამეცადინებენ. კითხვას: რა სარწმუნოების ხარ? –ტაძრის მოძღვრები ბავშვებს არ უსვამენ. წარმატებული მოსწავლეები შემდგომში სწავლას ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა– მათემატიკის სკოლაში აგრძელებენ.
ზარზმის მეჩეთის წინამძღვარი ოთარ გორგაძეც ამბობს, რომ ის რაც დადებითია წინაპლანზე უნდა წამოიწიოს. მისი თქმით, ადამიანური ურთიერთობა, კაცთა სიყვარული და ერთგულება ყველაზე ღირებულია. ამიტომ მეჩეთის წინამძღვარი ყველა მორწმუნეს, განურჩევლად აღმსარებლობისა, სიყვარულისა და პატივისცემისკენ მოუწოდებს.
ზარზმის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი სოფელი მისაბაძია და ადამიანური ურთიერთობების მაგალითი სწორედ მათგან უნდა აიღონ. რაჭველები და აჭარლები ჭელასა და მოხეში მცხოვრებ ქრისტიანებსა და მუსლიმებს, მშვიდობისა და გონივრული ქმედებისკენ მოუწოდებენ. ხელოვნურად გამოწვეულ არეულობას კი ორივე მხარე უგუნურობად მიიჩნევს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზამში დაახლოებით 60 კომლი ცხოვრობს. აქედან 10 მართმადიდებელი, ხოლო 50 მუსლიმია. ყველა ოჯახი წლების წინ ეკოლოგიური პრობლემების გამო მესხეთის მიწაზე, აჭარიდან და რაჭიდან ჩამოსახლდა. მათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი შეიყვარეს და დღეს უკვე ამბობენ, რომ მათი მთავარი საზრუნავი მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებაა. თითოეული ოჯახი დღემდე თავიანთ სალოცავში ღმერთს მხოლოდ ერთს ავედრებს–მათი სურვილი ერთ მუშტად შეკრული ერია.
|