საქართველოს პრემიერ მინისტრის ახალციხეში ვიზიტის მიზანი სამცხე–ჯავახეთის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების გაცნობა იყო. ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად ადგილობრივი თვითმართველობების ხელმძღვანელ პირებსა და ბიზნენსმენებს შეხვდა. პრემიერრმა მათ ის მიმართულებები გააცნო, რომელის მიხედვითაც რეგიონის განვითარება იგეგმება.
მეწარმეობა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი – ეს ის სამი ძირითადი მიმართულებაა, რომლის გაძლიერებაშიც საქართველოს პრემიერ მინისტრი სამცხე–ჯავახეთის განვითარებას ხედავს. ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები ახალციხეში ადგილობრივი თვითმართველობების ხელმძღვანელ პირებსა და ბიზნესმენებს გააცნო. სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში პრემიერმა ხაზი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაუსვა და აღნიშნა, რომ იგი გეოგრაფიული ლანდშაფტით გამოირჩევა, ასევე მდიდარია ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობით, რასაც განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ესაჭიროება.
პრემიერ მინისტრთან ერთად ახალციხეს მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც ესტუმრნენ. მათ შორის ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და ფინანსთა, ასავე სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. მთავრობის წევრების განცხადებით, იმისათვის, რომ რეგიონის განვითარებას ხელი შეეწყოს, სახელმწიფო მეწარმეების თანადაფინანსებასა და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, ასევე მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების, ასევე, ბუნებრივ რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა.
პრემიერ მინისტრის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა მედიისათვის დაიხურა. ბიზნესმენებსა და მთავრობის წევრებს შორის საუბარი კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლების თქმით, მათ ირაკლი ღარიბაშვილთან შეკითხვები, ძირითადად, კომუნიკაციის პრობლემებთან დაკავშირებით ჰქონდათ. ადგილობრივებმა პრემიერის მიერ წარმოდგენილი რეგიონის განვითარების გეგმაც შეაფასეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა სამხარეო ადმინისტრიის შენობაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გეგმის ძირითადი მიმართულებების შემუშავების მიზნით, ქვეყნაში არსებულ ვითარებას მინისტრები რეგიონებში თავადვე გაეცნენ. მისი თქმით, გამოიკვეთა მეწარმეებისა და ფერმერების საკითხი, რომელთაც განვითრებისთვის სახელმწიფოსგან დახმარება ესაჭიროებათ. სამცხე–ჯავახეთი პირველი რეგიონია, სადაც პრემიერ მინისტრმა ეკონომიკური განვითარების გეგმა წარადგინა. მსგავსი სახის შეხვედრებს ირაკლი ღარიბაშვილი სხვა რეგიონებშიც გამართავს.
|