ახალციხის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. ქალაქის ზოგიერთ ქუჩებზე საშობაო განათებები უკვე დამონტაჟდა, ნაწილის მორთვა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ახალციხეში ჯერ არ დადგმულა ნაძვის ხე.
ახალციხეში წინასაახალწლო სამზადისი მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალური სკვერი და ქუჩების ნაწილი სადღესასწაულოდ განათდა. თუმცა ფერადი განათებების მონტაჟი ჯერ არ დასრულებულა. სამზადისის მიუხედავად, ადგილობრივების ნაწილს ქუჩების მორთულობა არ მოწონს. ისინი ამბობენ, რომ ქალაქი ყოველ წელს ერთი და იგივე განათებებით ხვდება. გარდა ამისა, ახალციხელები სადღესასწაულო ღონისძიებების ნაკლებობასაც უჩივიან.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს ქალაქის მოსართავად ახალი ნათურები შეიძინეს, რადგან შარშანდელები მწყობრიდან იყო გამოსული. წინა წლებისაგან განსხვავებით, ქალაქის ცენტრში არ დამონტაჟდება ხელოვნური ნაძვის ხე. ქალაქის მერი განმარტავს, რომ ფერადი ნათურებით თეატრის წინ, ბუნებრივი ნაძვი მოირთვება.
საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. თემის გამგებლის თქმით, ყველა სოფელსა და მოქმედ კულტურის სახლს ნაძვის ხეები და საახალწლო აქსესუარები გადაეცათ. გარდა ამისა სადღესასწაულო მოსართავები მიიღეს საბავშო ბაღებმა. სოფლებში კულტურული ღონისძიებებისთვის საკონცერტო ნომრების მომზადებაც დაიწყო.
ახალციხეში საახალწლო–განათებების შეძენა დამონტაჟებისა და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობისათვის მერიის ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი იხარჯება. 31 დეკემბერს ქალაქის ცენტრალურ პარკში ცნობილი მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება, თუმცა აქ სცენის მონტაჟი და ესტრადის მომღერლების ჩამოყვანა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება. რაც შეეხება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საახალწლო სამზადისისთვის 3 ათას სამას ლარზე მეტია გამოყოფილი.
|