სპორტი
აღსრულების ბიურომ კრივის მწვრთნელს დარბაზი იძულებით დააცლევინა
კრივის რინგი, ინვენტარი და სავარჯიშო ტრენაჟორები ახალციხის მესამე სკოლის ეზოშია დასაწყობებული. მწვრთნელი სარდაფს ეძებს, სადაც საკუთარი სახსრებით შეძენილ ნივთებს დაალაგებს. გევორქ შუშანიანს დარბაზი მოსწავლეებმა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა დღეს, 1-ელ მაისს დააცლევინეს. ტერიტორია, რომლითაც კრივის მწვრთნელი სარგებლობდა, სკოლის ადმინისტრაციას ჩაბარდა.

ტერიტორია მწვრთნელმა გუშინ, 30 აპრილს დაცალა, თუმცა სავარჯიშო ინვენტარი იმ იმედით დატოვა, რომ დარბაზს ისევ მოკრივე იქირავებდა და მოსწავლეების ვარჯიშს გააგრძელებდა.

მიმდინარე პროცესებზე არ საუბრობს სკოლის დირექტორი. სუსანა აკოფოვამ "მეცხრე არხის" გადამღებ ჯგუფს უთხრა, რომ არ სცალია და კომენტარს ვერ გააკეთებს.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში ამბობენ, რომ ეს საქმე მათთან 10 თვეზე მეტია შესულია. ამ ხნის განმავლობაში უწყება მხარეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

შეგახსენებთ, რომ სკოლის ადმინისტრაციასა და კრივის მწვრთნელს შორის სამართლებრივი დავა ორი წელია გრძელდება. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მხარეებს შორის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და მოკრივე გევორქ შუშანიანმა დარბაზი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიკავა.

| Print |