სპორტი
ახალციხელმა მძლეოსნებმა 4 ოქროს მედალი მოიპოვეს (ვიდეო)
ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, მძლეოსნობაში სლავა ნებაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. ჩემპიონატში მონაწილეობა 150 სპორტსმენმა მიიღო, მათ შორის 17 მძლეოსანი სომხეთიდან იყო მოწვეული. საქართველოდან ახალციხის ღია პირველობაში მონაწილეობა თბილისის, ქუთაისის, ფოთის, მარტვილის, აბშის, ბათუმის, აჭარისა და ბორჯომის წარმომადგენლებმა მიიღეს.



,,ვეცდებით, რომ შეჯიბრში მონაწილე გეოგრაფიული არეალი გავაფართოვოთ. ორი დღე იყო დარჩენილი, რომ ლატვიდან და ყირგიზეთიდან შეგვეხმიანნენ, უნდოდათ ჩამოსვლა, თუმცა ვერ მოხერხდა. ვიმედოვნებ შემდეგ წელს ჩამოვლენ“ - ამბობს ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის ხელმძღვანელი ზიგმუნდ ზილბერშტეინი.

შეჯიბრი 21 კატეგორიაში რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა - დიდების კატეგორია 2001-2003 წლები, პატარები 2004-2005 წლები.

63 საპრიზო ადგილიდან ახალციხელმა მძლეოსნებმა 4 ოქროს მედალი მოიპოვეს.



მონაწილეებს ფულადი პრიზები გადაეცათ, დიდების კატეგორიაში პირველ ადგილზე გასულს 100 ლარი, მეორე ადგილოსანს 70 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 50 ლარი. პატარებში: პირველ ადგილოსანს 80 ლარი, მეორეს 40 ლარი, მესამე ადგილზე გასულს 20 ლარი.

სლავა ნებაძის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრებას ორგანიზება ახალციხის მძლეოსნობის კლუბმა გაუწია.


| Print |