სპორტი
ბექა ბერძენიშვილი მეორე ევროპული თამაშების ჩემპიონია
ბელარუსში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა სამბისტებმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებს გადააჭარბეს და ქვეყანას 11 მედალი მოუტანეს.

შეჯიბრების პირველ დღეს, 22 ივნისს, ქართველებმა ექვსი მედალი მოიგეს, რასაც მეორე დღეს კიდევ ხუთი დაუმატეს.

ახალციხელმა სამბისტმა ბექა ბერძენიშვილმა მსოფლიოს ოთხი და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი დაამარცხა და მინსკის თამაშები მოიგო.

ბექა ბერძენიშვილმა, მინსკის ევროპის თამშების ოქროს ფინალში, +100 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ოთხი და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ბელარუსი იური რიბაკი არასრულ ორ წუთში 8:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველ სპორტსმენს სულ ორი წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ სახელოვანი და ძლიერი სპორტსმენი დაემარცხებინა და ქართველ სამბისტთა დელეგაციას მეთერთმეტე მედალი მოუტანა.

ბექა ბერძენიშვილმა ფინალამდე ფრანგი გაბრიელ ჰერბერტო ანგარიშზე 2:0 მტკივნეული ილეთით დაამარცხა, ხოლო სერბი ვლადიმირ გაჟიკს აშკარა უპირატესობით სძლია – 8:0.

ოქროს მედალი ლევან ნახუცრიშვილმაც მოიპოვა. მან ფინალში 5-1 რუსი სტანისლავ სკრიაბინი დაამარცხა და მინსკის ევროპული თამაშების ჩეპიონი გახდა.

თავი გივი ნადარეიშვილმაც გამოიჩინა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი აიღო, მოგვიანებით კი მას გენადი ჩირგაძემ და პაატა ღვინიაშვილმა მიბაძეს.

საბოლოო ჯამში, ქართველმა სამბისტებმა მინსკის ევროპულ თამაშებზე ოთხი ბრინჯაოს, სამი ვერცხლისა და ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს.
| Print |