სპორტი
ადიგენელი რომეო ბერიძე ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონია


ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ ბაქოში, ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით იასპარეზა. 55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენი, აზერბაიჯანიდან სამშობლოში ვერცხლის მედლით ბრუნდება.

მან ჯერ ფრანგი იანის ნიფრი დაამარცხა, მეოთხედფინალში მასპინძელთა გუნდის წევრი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნიჰატ ზაჰიდ მამადლის სძლია, გამარჯვებით დაასრულა ნახევარფინალში თურქი ბეკირ ატესთან შეხვედრა, თუმცა ფინალში ევროპის ფინალისტ, ბელარუსის წარმომადგენელ გლებ მაკარანკას შეხვდა და დამარცხდა. ამიტომ ვერცხლის მედალს და ვიცე-ჩემპიონის სტატუსს დასჯერდა.

რომეოს ფესტივალზე თან ახლავს პირადი მწვრთნელი მინდია შაინიძეც.

„რომეომ სულ ოთხი ბრძოლა გამართა. ფესტივალი საზეიმოდ 27 ივლისს დაიხურება, ჩვენ 24 ივლისს, საღამოს მოვდივართ ბაქოდან“, - გვითხრა მინდია შაინიძემ.

ევროპის XV ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტი 21 ივლისს აიღო. მასში 49 ქვეყნის 3 600 მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. ფესტივალი სპორტის 10 სახეობაში ტარდება. საქართველო ევროპულ ღონისძიებაში 6 სახეობაში 36 სპორტსმენით გამოდის: ძიუდო, ჭიდაობა, ცურვა, ველოსპორტი, ჩოგბურთი და მძლეოსნობა.

ფოტოები ეკუთვნის საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას
| Print |