სპორტი
2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბაკურიანს, 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

გადაწყვეტილებას მხარი ონლაინფორმატში გამართული ევროპული ფორუმის ყველა დელეგატმა დაუჭირა.

საქართველომ ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მისაღებად ოფიციალური განაცხადი 2019 წლის ზაფხულში წარადგინა.

"2020 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვიდა EOC-ის შემფასებელი კომისია. კომისიის მიერ მომზადებულ შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით. შემფასებლები აღნიშნავდნენ, რომ ვიზიტი ორგანიზებული იყო მაღალ დონეზე და საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს 2025 წელს ფესტივალის ჩასატარებლად.

ქართულმა მხარემ, დადგენილ ვადებში და ფორმით, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს წარუდგინა პროტოკოლით გათვალისწინებული დოკუმენტების პაკეტი. შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი.

საქართველომ 2015 წელს მაღალ დონეზე უმასპინძლა ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს"
- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |