სპორტი
გიორგი აკოშვილმა მეტოქე ორწუთიანი ნოკაუტით დაამარცხა
MMA-ს ახალციხელმა მებრძოლმა, რომელიც სპორტულ კარიერას უკრაინაში აგრძელებს, მორიგი სარეიტინგო ბრძოლა გამართა. გიორგი აკოშვილმა უკრაინელი მეტოქე ბრძოლის დაწყების პირველივე წუთებში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ახალციხელმა მებრძოლმა 77 კგ. წონით კატეგორიაში, უკრაინელი მებრძოლს სძლია. გიორგი აკოშვილის თქმით, საკუთარ გამარჯვებაში ის თითქმის დარწმუნებული იყო, ბრძოლაც გეგმის მიხედვით წარმართა და ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა.

„რამდენჯერმე შემიცვალეს მეტოქე, ამიტომ მისი ტექნიკა არ მქონდა შესწავლილი, მიუხედავად ამისა, წარმატებით ვიასპარეზე და ორწუთნახევარში დავამარცხე მეტოქე. რა თქმა უნდა შედეგით კმაყოფილი ვარ“, - ამბობს MMA - ს მებრძოლი გიორგი აკოშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი უკრაინის საბრძოლო ორგანიზაცია WGFC- ის ეგიდით 20 თებერვალს, ქალაქ დნეპროპეტროვსკში ჩატარდა. ორთაბრძოლები 17:00 საათზე დაიწყო და 10 საათამდე გაგრძელდა.

გიორგი აკოშვილი უკრაინის ჩემპიონია შერეულ ორთაბრძოლებში, მას კარიერის განმავლობაში 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან 5 მოგებით, ხოლო 2 წაგებით დაასრულა.

24 წლის სპორტსმენი ახალციხის სოფელ აწყურიდან არის. ის უკრაინაში საცხოვრებლად, ოთხი წლის წინ გადავიდა. მანამდე საქართველოში ვარჯიშობდა და სხვადასხვა ჩემპიონატებში ასპარეზობდა.
| Print |