სპორტი
ახალქალაქელი მოკრივეები საერთაშორისო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ისტრანჯას 72-ე კრივის მსოფლიო ჩემპიონატში, საქართველოდან ოთხი სპორტსმენი მონაწილეობს. მათგან სამი ახალქალაქიდან, ერთი კი ჭიათურიდანაა.

ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დირექტორისა და მთავრი მწვრთნელის განმარტებით, ჩემპიონატზე ასპარეზობენ არტიომ იორდანიანი 91 კგ. წონით კატეგორიაში, არშაკ ელიბარიანი - 75 კგ. წონით კატეგორიაში და არტუშ გომციანი 57კგ. წონით კატეგორიაში.

ნახევარფინალი დღეს, 26 თებერვალს, 18:00 საათზე გაიმართება.

„არტიომ იორდანიანმა მესამე ადგილი უკვე დაიკავა და  ნახევარფინალში მოხვდა. დღეს არის გადამწყვეტი ასპარეზობა. თუ გაიმარჯვებს პირველ ან მეორე ადგილს დაიკავებს. ის საკმაოდ ძლიერი სპორტსმენია და ჩვენ გვჯერა მისი შესაძლებლობების. პირველ შეჯიბრიში ლატვიელი, მეორეში კი უკრაინელი დაამარცხა, დღეს სომეხ მოკრივეს ხვდება“, - გვითხრა ატომ ელიზაბრიანმა. ის იმედოვნებს, რომ მოკრივეები სამშობლოში ხელცარიელი არ დაბრუნდებიან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მოკრივეები მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის დაიწყებენ.

ისტრანჯას 72-ე კრივის მსოფლიო შეჯიბრში 32 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ჩემპიონატი 22 თებერვალს დაიწყო და 27-ში დასრულდება.
| Print |