შალვა
ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, წმინდანის სახელობის
ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. სადღესასწაულო ლიტურგიას
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ცაგერისა და
ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე, ხორნაბუჯისა და ჰერეთის
ეპისკოპოსი დიმიტრი და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი
გერასიმე აღასრულებენ.
პარალელურად, სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები ქალაქში სპორტული აქტივობებით დაიწყო. ახალციხის სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის ფეხბურთი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ოთხმა გუნდა მიიღო. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები ახალციხის ციხეზე დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან.
ქუჩის ფეხბურთის გარდა, ქალაქში მოეწყო გარბენიც. მასში მონაწილეობა 30-მდე ახალგაზრდამ მიიღო. ვაჟებს შორის გამარჯვება მინდია ენდელაძემ მოიპოვა, ხოლო გოგონებს შორის მოცემული დისტანცია, ყველაზე სწრაფად, მართა ჯვარიძემ გაირბინა.
დანარჩენი სპორტული და კულტურული აქტივობა ახალციხის ციხეზე გაიმართება. დღესვე, დაჯილდოვდებიან “საპატიო ახალციხელებიც”.
ღონისძიების ორგანიზატორი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაა.
სახალხო დღესასწაული ფოიერვერკით დასრულდება.
|