სპორტი
საბა ქუმარიტაშვილი პეკინის ოლიმპიადაზე 5 და 6 თებერვალს იასპარეზებს
ბაკურიანელი მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი 5 და 6 თებერვალს პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. ოლიმპიადისთვის ლიცენზია მან იანვარში მოიპოვა. ციგაობაში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი საბა ქუმარიტაშვილი იქნება, რომელიც 2010 წელს ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია. 

ბრიტანულმა გამოცემა "გარდიანმა" საბა ქუმარიტაშვილის ასპარეზობას სტატია მიუძღვნა. მათ ნოდარისა და საბას ოჯახის ისტორია გაიხსენეს.

''ვარჯიშის დასრულების შემდეგ, საბა ქუმარიტაშვილი უკმაყოფილო იყო. ის ლიდერებს 3 წამით ჩამორჩა. მისი მონაწილეობა პეკინში არის ტრიუმფი, რომელიც გამძლეობასა და გამბედაობას განასახიერებს. 12 წლის წინ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილი ვანკუვერში მე-13 მოსახვევზე ტრაგიკულად დაიღუპა. 21 წლის ნოდარს ოლიმპიურ დებიუტამდე ერთი ვარჯიშიღა რჩებოდა. ახლა ქუმარიტაშვილებიდან ოლიმპიური დებიუტი საბას ექნება, რომელიც ასევე 21 წლისაა, რომელიც ოლიმპიურ ოცნებას აისრულებს'', - წერს გარდიანი.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე 95 ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენი იასპარეზებს სპორტის 15 დისციპლინაში, მათ შორის: ბიატლონში, ყინულის ჰოკეიში, ციგურებით სრიალში, სათხილამურო სპორტში, სნოუბორდში, ფიგურულ სრიალში და სხვა.

ოლიმპიადის დახურვის ცერემონია 20 თებერვალს გაიმართება.
| Print |