სპორტი
საბა ქუმარიტაშვილმა ოლიმპიადაზე 31-ე ადგილი დაიკავა
პეკინის მიმდინარე ზამთრის ოცდამეოთხე ოლიმპიურ თამაშებზე მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი სამი დაშვების ჯამური შედეგით 34 მონაწილეს შორის ოცდამეთერთმეტე ადგილზე გავიდა. 6 თებერვალს, მესამე დაშვებისას საბამ თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა - 1:00:036 წუთი, კონკრეტულად მე-3 დაშვებისას 29-ე ადგილი დაიკავა, მაგრამ სამი დაშვების ჯამური შედეგით ისევ 31-ე საფეხური ერგო და ლიდერს, გერმანელ იონაჰეს ლუდვიგს რვა მთელი რვა მეათედი წამით ჩამორჩა.

21 წლის ქართველმა მოციგავემ პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე სამივე დაშვებას ჯამში 3:00.393 წუთი მოანდომა და ასპარეზობა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ პეკინში ციგაობაში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი სწორედ საბა ქუმარიტაშვილი იყო, რომელიც 2010 წელს, ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია.

სპორტსმენმა ოლიმპიადაზე ასპარეზობისთვის ლიცენზია მიმდინარე წლის იანვარში მოიპოვა.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე 95 ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენი ასპარეზობს სპორტის 15-ტ დისციპლინაში, მათ შორის: ბიატლონში, ყინულის ჰოკეიში, ციგურებით სრიალში, სათხილამურო სპორტში, სნოუბორდში, ფიგურულ სრიალსა და სხვა. ოლიმპიადის დახურვის ცერემონია 20 თებერვალს გაიმართება.
| Print |