სპორტი
ადიგენელი ახალგაზრდა იტალიაში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
14 წლის ლუკა შათირიშვილმა იტალიაში, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიიღო. ახალგაზრდა სპორტსმენი საზღვარგარეთ 7 თვეა იმყოფება. მოკლე ხანში მან შეძლო, იტალიურ საფეხბურთო კარიერაში პირველი მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიეღწია.

ლუკა საზღვარგარეთ, დედასთან 2021 წლის აგვისტოში წავიდა. სწავლის პარალელურად მან ძალები მილანის საფეხბურთო აკადემიაშიც მოსინჯა, სადაც მწვრთნელებისგან მოწონება დაიმსახურა.

იტალიაში წასვლამდე ლუკა შათირიშვილი სამცხე-ჯავახეთის საფეხბურთო აკადემიაში - "მესხეთში" უნივერსალური ფეხბურთელის სტატუსით თამაშობდა. აკადემიის ხელმძღვანელის გელა მაისურაძის თქმით ლუკა შრომისმოყვარე, კომუნიკაბელური, ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდაა.

"დარწმუნებული ვარ, რომ დიდ წარმატებას მიაღწევს. ჩვენს გუნდს დააკლდება, მაგრამ კარგია რომ წავიდა. სამაგიეროდ ვიამაყებთ, რომ ასეთი ბავშვი გავუშვით და ჩვენი ფეხბურთელი დღეს მილანის აკადემიაში ირიცხება," - ამბობს გელა მაისურაძე.

ლუკა შათირიშვილი სოფელ ბოლაჯურში დაიბადა. აკადემიის ვარჯიშებზე ახალციხეში, იგი თითქმის ყოველდღე ადიგენიდან დადიოდა.
| Print |