რეგიონი
ევროკავშირში შემსვლელი რუსების რაოდენობა ერთ კვირაში 30%-ით გაიზარდა
რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 66 000 რუსი შევიდა , - ინფორმაციას reuters, ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს Frontex-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის თითქმის 66 000 მოქალაქე ევროკავშირის ტერიტორიაზე შევიდა, რაც 30%-ზე მეტია წინა კვირასთან შედარებით. რუსების უმეტესობა ფინეთსა და ესტონეთში ჩავიდა", - წერია განცხადებაში.

ბოლო 4 დღის განმავლობაში, ფინეთში რუსეთის 30 000 მოქალაქე ჩავიდა.

Frontex-ის შეფასებით, საზღვრის უკანონო გადაკვეთა სავარაუდოდ გაიზრდება, თუ რუსეთი გადაწყვეტს საზღვრის დახურვას პოტენციური წვევამდელებისთვის.

უკრაინაში ბრძოლის ველზე წარუმატებლობის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის შემდეგაც ათასობით რუსმა გადაკვეთა საზღვარი მეზობელ ქვეყნებში.

რუსების უმეტესობა, ვინც ევროკავშირში გადადის, აქვს ბინადრობის ნებართვა, ვიზა ან აქვს ორმაგი მოქალაქეობა, ნათქვამია განცხადებაში.

19 სექტემბერს, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა რუს ტურისტებს მათ ქვეყნებში შესასვლელად შეზღუდვების დაწესება დაიწყეს. ამ ქვეყნების მსგავსად შეზღუდვების შემოღებას რუსეთის მოქალაქეებისთვის ფინეთიც გეგმავს.
| Print |