სპორტი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებსა და ესპანეთის ნაკრებს შორის მატჩი დღეს გაიმართება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს.

საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

26 ივნისს კი, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გავიდა.

გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს 5 და 6 ივლისს დაუპირისპირდებიან, ნახევარფინალი 9 და 10 ივლისს, ხოლო ფინალი 14 ივლისს 23:00 სთ-ზე გაიმართება.
| Print |