დღის ფრაზა
ტერენტი გრანელი - "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა"
„კვირა დღეა, მივდივარ სიონში. არ თოვს. ვუსმენ ქართულ გალობას და ვიგონებ საქართველოს, როგორც უხილავს. იქიდან მივიწევ დიდუბისაკენ. ნელა თოვს. შევდივარ პანთეონში, პირველად ვნახულობ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავს. ვკითხულობ ასეთ წარწერას: “ქართველი ერი არ დაივიწყებს შენს უკვდავ სახელს“. ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ ვინახულე ვაჟას ობოლი სამარე. ღრუბლიანი ზეცა და თოვლიანი დედამიწა ორივე თეთრია, მხოლოდ სითეთრეა გარშემო და დუმილი“ - წერდა ტერენტი გრანელი, რომლის სულიერი მოძღვარი იყო კარის მეზობელი, ზემო სამეგრელოში ცნობილი მწიგნობარი და მოღვაწე - იაკობ შანავა, რომელიც ასწავლიდა ,,უბედური და საწყალობელი ის არის, ვინც ისე დაჰკანკალებს საკუთარ სხეულსა და სიცოცხლეს, თითქოს მთელი კაცობრიობის ბედს მის ხრწნად ხორცში ჩაებუდებინოს".

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ.

ტერენტი, როგორც თავისი ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე, მტკიცედ დადგა იმ ინტელიგენციის მხარეზე, რომლის უპირველესი მიზანი რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დეე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“ (გაზ. „ია“, 1919 წ.).

1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ტერენტის თავისი პირველი ლექსი ამავე გაზეთში დაუბეჭდავს. პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.

ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევს. ხშირად დადის მთაწმინდასა და დიდუბის პანთეონში. უყვარს საღამოს ბინდ-ბუნდი, სასაფლაოს მდუმარება, მარტო ყოფნა თავის ფიქრებთან. გაიგონებს თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკის ხმებს, მაშინვე აედევნება პროცესიას, დაიკრეფს გულზე ხელებს და მდუმარედ გაჰყვება სასაფლაომდე. არ იკითხავს, ვის ან სად ასაფლავებენ. ეს სულ ერთია. იცის, ვიღაცას გლოვობენ და თვითონაც ამ გლოვის ჩუმი მონაწილე ხდება.

ხშირად ესწრება წირვებს, უყვარს საეკლესიო გალობა, კათოლიკეთა ეკლესიის ორღანოს ხმა. განსაკუთრებით იტაცებს სააღდგომო ცერემონიალი, რაღაც შეუცნობელ ექსტაზს რომ განაცდევინებს. საოცრად განიცდის მუსიკას. შეუძლია დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგეს ქუჩაში და გარინდებულმა უსმინოს როიალის ხმას. უყვარს ეტლით სეირნობა, ყვავილები. უფრო ვარდი და ია. ცაციათი გულზე მიიხუტებს იის კონას და პირველსავე შემხვედრ მეგობარ ქალს მიართმევს. დროდადრო დებსაც ესტუმრება წალენჯიხაში, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ძლებს და უმალ თბილისს უბრუნდება. უყვარს თბილისი. გარიჟრაჟიდან შუაღამემდე მოჩვენებასავით დაეხეტება მის ქუჩებში, მუდამ ნერვიული და ფერმკრთალი, თმააწეწილი; ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი სამოსი აცვია. თრთოლვით წერს ლექსებს, მისი ლექსების უმრავლესობა ღია ცის ქვეშაა შექმნილი.

ტერენტი გრანელის პოეზიამ 1924 წელს მიაღწია თავის მწვერვალს. მან გამოსცა ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“. ამ წიგნის გამოსვლად ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.

1926 წელს ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების უკანასკნელი წიგნი. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. გოეთე წერდა: „ადამიანის ბუნებას... განსაზღვრულ მიჯნამდის თუ ძალუძს როგორც სიხარულის, ისე ტკივილის თუ ტანჯვის გადატანა; როცა იგი ამ მიჯნას გადასცდება, უთუოდ დაიღუპება“.

სწორედ ასევე დაემართა გრანელსაც. გამხდარი და დაუძლურებული ძლივსღა დააბიჯებდა. ჩაუქრა შთაგონებული თვალების ელვარება, მთლად მოეშვა. დადიოდა თბილისის ქუჩებში - ცოცხალი გლოვა და სევდა. უბით დაჰქონდა „სისხლიანი რვეული“ და მისი სახე სანთელივით დნებოდა.

უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა.

ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამოდ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა.
| Print |