რეგიონი
ბორჯომში, 1–ლ სკოლასთან ადგილობრივები არიან შეკრებილი
ბორჯომში, გაუჩინარებული გოგონების გამო, დაახლოებით 17:00 საათიდან, 1–ლ სკოლასთან ადგილობრივები შეიკრიბნენ. მათი ნაწილი, 14 წლის მოსწავლეების გაუჩინარებასთან დაკავშირებით პასუხს სამართალდამცველებისგან ამ დრომდე ელოდება.

მოსწავლეების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები – დაახლოებით 30–მდე ადამიანი ექვს საათზე მეტია პირველ სკოლასთან არის შეკრებილი. ადგილზე არიან მშობლებიც, რომელთა დაკითხვაც დასრულდა, თუმცა დამატებით დეტალებს პოლიცია მათთან პერიოდულად აზუსტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.

მოსწავლეები სკოლაში დღეს არ მისულან. გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური ფიროსმანის ქუჩაზე, მიტოვებული ლიმონათის საამქოს შენობაში იპოვეს. გოგოები ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

ბორჯომში გაუჩინარებულ ორ გოგოს სკოლის დირექცია ერთერთ საუკეთესო მოსწავლეებად მოიხსენიებს. სკოლის დირექტორი ჯულია ჯინჯოლავა მეცხრე არხთან აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მოსწავლეებისთვის არც ხასიათის ცვლილება და არც სამეგობრო წრის შეცვლა არ შეუნიშნავთ. შესაბამისად უჭირს იმის თქმა, რა მიზეზით შეიძლება გაუჩინარებულიყვნენ მოსწავლეები.


| Print |