რეგიონი
ხანძრის გამო, ბორჯომში ოთხსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში, თვალავაძეების ოთხსულიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ხანძრის შედეგად მათი ორსართულიანი სახლი თითქმის სრულად დაიწვა. განადგურდა საცხოვრებლის მეორე სართული და სხვენი - დაახლოებით, 300 კვ.მ. ფართობი. ინფორმაციას ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს.

ხანძარი 20 აპრილს სხვენში, სავარაუდოდ, ღუმელის მილიდან გაჩნდა და მთელ შენობას მოედო. სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამ ჯგუფს ხანძრის ჩასაქრობად ერთი საათი დასჭირდათ.

ოჯახი, რომელმაც თავი ეზოში მდებარე პატარა შენობას შეაფარა, დახმარებას ითხოვს. ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ თვალავაძეებს დაეხმარებიან, თუმცა ჯერ ზარალის დასადგენად აუდიტის დასკვნაა საჭირო.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამამრთლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
| Print |