რეგიონი
საქართველო მოძმე ქვეყანაა და დახმარების მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთი მიესალმება საქართველოს მზაობას, დაეხმაროს კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა, იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება არ იქნება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თვლის თუ არა, რომ შესაძლოა, სომხეთმა მიმართოს დახმარებისთვის საქართველოს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომ თუ მიმართვა იქნება რაიმე სახის დახმარების საჭიროების შესახებ, ამისთვის მზად არიან.

„კორონავირუსის ეპიდემიის პირველივე დღიდან ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, დამთავრებული სპეციალისტებით. ჩვენ ამ თანამშრომლობას ეფექტურად მივიჩნევთ. საქართველო ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა და ასეთი მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს. ბუნებრივია, თუ იქნება ამის აუცილებლობა, მაშინ შეიძლება ნაბიჯები გადაიდგას, თუმცა, იმედს გამოვთქვამთ, რომ ამის საჭიროება არ იქნება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, იმედოვნებენ, რომ რეანიმაციის განყოფილებები არ გადაიტვირთება და აქედან გამომდინარე, დახმარების საჭიროება არ იქნება. "თუმცა, ჩვენ, სომხეთისც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს", - განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 2019 წელს, როდესაც საქართველოში იყო წითელას აფეთქება, სომხეთი ქვეყანას 30 ათასი ვაქცინით დაეხმარა.

"ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ერთმანეთის გვერდიგვერდ და დავეხმაროთ ერთმანეთს, რადგან ეპიდემია არის ჩვენი საერთო დღის წესრიგის საკითხი. ეს საერთო საფრთხეა"
, - აღნიშნა ფაშინიანმა.
| Print |